დირექტორები გვიყვებიან, რით გამოარჩევენ საკუთარ სკოლას და რატომ უნდა მიიყვანოთ პირველკლასელი მათთან
25-03-2021

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის დაწყებამდე მშობლები დიდი გულისყურით არჩევენ სკოლებს მომავალი პირველკლასელებისთვის. აღნიშნული პროცესი კი ფრიად საპასუხისმგებლო და ამაღელვებელია, ამიტომ მშობლების დასახმარებლად ჩვენ საქართველოს მასშტაბით რამდენიმე სკოლას მივმართეთ და მშობლების დაკვალიანება ვთხოვეთ. 

რა უპირატესობა აქვს ამა თუ იმ სკოლას და რას სთავაზობს მოსწავლეებს ისეთს, რაც სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებაში არ დაგხვდებათ - სკოლების უპირატესობებზე etaloni.ge-სთან თავად დირექტორები საუბრობენ:

წყალტუბოს N4 დირექტორი მაია ქობულია:

ჩვენ დემოკრატიული სკოლა გვაქვს და სასკოლო საზოგადოების სამივე ფენის ინტერესები სრულად არის წარმოდგენილი, გვაქვს თბილი ურთიერთობები და გარემო. გვყავს წინსვლაზე ორიენტირებული კოლექტივი. მუდმივად ვცდილობთ სიახლეების დანერგვას, ახლაც ვგეგმავთ სკოლაში გაიხსნას კულტურული სივრცე, რომლის ფარგლებშიც ჩატარდება ინოვაციური გაკვეთილები, შეხვედრები და ა.შ. სკოლაში გვაქვს სხვადასხვა წრეები.

გვყავს მაღალკვალიფიციური კოლექტივი, სადაც მასწავლებელთა 99% არის სერტიფიცირებული. ამასთან, მაქსიმალურად ვცდილობთ მოსწავლეთა შესაძლებლობები არაფორმალური განათლების კუთხითაც გამოვავლინოთ, ამიტომ სკოლაში მუდმივად მოქმედებს კონკურსი „სხვა სამყარო ჩემი“ თუ რამე აინტერესებს მოსწავლეს, შეუძლია წარმოაჩინოს საკუთარი თავი ყოველი წლის დასაწყისში და შემოდგომაზე მას ფასიან საჩუქრებს გადავცემთ.

ვაახლებთ ინფრასტრუქტურასაც, გავარემონტეთ რამდენიმე კაბინეტი, ასევ სკოლის გალავანი, გვაქვს ძალიან ლამაზი ეზო და დადებითი განწყობა სკოლის ეზოდან იწყება მოსწავლეებისთვის.

ზუგდიდის N5 საჯარო სკოლა დოდო ცქვიტაია:

ჩემი სკოლა მშობელმა უნდა აირჩიოს, რადგან ამის მიზეზი არის შესაბამისობა ეროვნული განათლების ზოგადსახელმწიფო პოლიტიკასთან. მიმაჩნია, რომ კარგი საკადრო პოტენციალი გვაქვს. ამასთან სკოლა არის სიახლის მიმღები, ინოვაციური, ძალიან მაღალია თანამშრომლობითი კულტურა და პატივს ვცემთ სოციუმს.

იმიტომ უნდა აირჩიონ ჩვენი სკოლა, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები ძირითადად სწორედ სკოლაში მიღებული ცოდნით ხვდებიან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რადგან მშობლებს სამწუხაროდ არ აქვთ ის თანხა, რომ დიდი ფინანსები ჩადონ ბავშვების დამატებით მომზადებაში. ამიტომ მგონია, რომ ძალიან დიდი წვლილი ამ ბავშვების წარმატებაში სკოლის დამსახურებაა და სწორედ ამიტომ უნდა აირჩიონ. და ბოლოს, ჩვენი სკოლა უნდა აირჩიონ, რადგან ძალიან წარმატებული, გულწრფელი და პროფესიონალი ადამიანებით არის დაკომპექტებული. 

მცხეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ბოხუა:

ჩვენ გვაქვს თანამედროვე, კარგად აღჭურვილი და უსაფრთხო სასწავლო გარემო, სადაც მაქსიმალურად არის დაცული მოსწავლეთა ჯანმრთელობა და ინტერესები. სკოლაში მუშაობს მანდატურის სამსახური. საგაკვეთილო  პროცესის დროს კი სასკოლო სივრცეში უცხო პირთა გადაადგილება აკრძალულია, გარკვეული გამონაკლისების გარდა.

სკოლაში არის სხვადასხვა საგნობრივი წრე. ფუნქციონირებს ქორეოგრაფიული ჯგუფი. გვყავს არაჩვეულებრივი პედაგოგიური გუნდი, რომელიც მუშაობს, როგორც პირად კარიერულ ზრდაზე, ისე მოსწავლეთა სწორად აღზრდაზე. ჩვენი სკოლის კედლებში მოსწავლეებს ასწავლიან კრიტიკულ აზროვნებას, განათლების ფასს, საკუთარი შესაძლებლობის რწმენას და უვითარებენ სოციალურ ცვლილებებთან ადაპტაციის უნარს. სკოლა მთელს მუნიციპალიტეტში მაღალი სოციალური კულტურით გამოირჩევა და ვფიქრობ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზი საკმარისია იმისთვის, რომ არჩევანი სწორედ ჩვენს სკოლაზე შეაჩერონ მშობლებმა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ბახტურიძე:

სკოლა კეთილმოწყობილი და ინფრასტრუქტურულად გამართულია, დაცულია მოსწავლეთა უსაფრთხოება. ამასთან ზედმიწევნით არის გათვალისწინებული კოვიდთან დაკავშირებული რეგულაციები. ჩვენს სკოლაში არის ძალიან კარგი დამოკიდებულება მოსწავლეებს,  მასწავლებლებსა და მშობლებს შორის. გვყავს მაღალკვალიფიციური პედაგოგები, ამასთან უშუალოდ სკოლაში არის ძალიან თბილი და კეთილგანწყობილი გარემო. სკოლა მთლიანად ორიენტირებულია მოსწავლეთა განათლებაზე, განვითარებასა და კეთილდღეობაზე. ამასთან, წარმატებით ვართ ჩართული ახალი სკოლის მოდელში, რომელიც ნერგავს მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფეხს ვუწყობთ თანამედროვე მიდგომებსა და სტანდარტებს, რაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ არის შემოთავაზებული, რაც ვფიქრობ, ნამდვილად არის სკოლის არჩევისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მშობლებისთვის.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის N3 საჯარო სკოლა სპარტაკი დათიკიშვილი:

ჩვენი სკოლა არ გამოირჩევა ინფრასტრუქტურით და მშობლებისთვის ეს შეიძლება არ იყოს დიდად მიმზიდველი, თუმცა მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ გვყავს მაღალპროფესიონალი, კვალიფიციური მასწავლებლები, რომლებიც მუდამ მზად არიან მოსწავლეებს გადასცენ ცოდნა, დაეხმარონ და გვერდში დაუდგნენ. თამამად ვიტყვი, რომ ჩვენი სკოლის მთავარი სიამაყე ჩვენი მასწავლებლები არიან. პედაგოგები, რომლებიც მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევენ და ეხმარებიან მათ გახდნენ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203