ქართულ, ქართულ-რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ზოგადსაგანამანათლებლო სკოლებში მოსწავლეთათვის, მათი მშობლებისა და მასწავლებელბისათვის ჩატარებული ტრენინგების შინაარსი ახლა უკვე ყველასათვისაა ხელმისაწვდომი.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით დასრულდა მუშაობა დამხმარე სახელმძღვანელოზე ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელთათვის „ევროპული ასოცირების პროცესი საქართველოში“.
სახელმძღვანელო შეადგინეს კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორებმა, ისტორიის დოქტორმა, კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის აფილირებულმა პროფესორმა, გურანდა ჭელიძემ; სამართლის დოქტორმა, კავკასიის სამართლის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა ეკატერინე ქარდავამ და ისტორიის დოქტორმა, კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორმა ზურაბ ბრაგვაძემ.
სახელმძღვანელო გამოიცა ოთხ ენაზე - ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენებზე.
დამხმარე სახელმძღვანელო შედგება სამი ნაწილისაგან, გამოირჩევა თავისი შინაარსით, რადგან ერთდროულად მოიცავს როგორც ზოგად, ისე საქართველოს ევროპასთან დაახლოების უახლეს საკითხებს. პედაგოგები გაეცნობიან მასალებს ევროპის კავშირის შექმნის, მიზნებისა და ამოცანების, ევროპული ფასეულობების, ევროპის კავშირის გაფართოების, საქართველო-ევროპის კავშირის ურთიერთობის უმთავრესი მიღწევების შესახებ, ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო-ეკონომიკური სივრცის შესახებ შეთანხმების კონკრეტულ შედეგებზე საქართველოში - მართლმსაჯულების, შრომითი ურთიერთობების, ევროპული კავშირის ბაზარზე არსებული სტანდარტების დანერგვისა და სრულყოფის, სურსათის უვნებლობისა და სხვა მიმართულებებით; განხილულია კულტურული მემკვიდრეობის საკითხები ასოცირების შეთანხმების კონტექსტში.
სახელმძღვანელო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებს მისცემს შესაძლებლობას აქტიურად გამოიყენონ ის სწავლა/სწავლების პროცესში და გააღრმავონ მოსწავლეთა ცოდნა ევროპული ფასეულობებისა და ასოცირების პროცესის შესახებ საქართველოში, დაეხმარონ მათ შესასწავლი პროცესის შედეგების გაცნობიერებასა და გააზრებაში, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული მათგანის მონაწილეობა ქვეყნის განვითარებასა და პოზიტიური ცვლილებების განხორციელებაში.
კავკასიის უნივერსიტეტის ჟან მონეს პროექტი „ევროპული სწავლების სამკუთხედი“ (TEESS) ემსახურება ევროპული სწავლების საუნივერსიტეტო გამოცდილების გაზიარებას დევნილებითა და ეთნიკური უმცირესობებითა დასახლებული რეგიონების სკოლების მოსწავლეთა და მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლებას ევროპული ინტეგრაციისა და ასოცირების შეთანხმების შესახებ.
ევროპული ასოცირების პროცესი საქართველოში - დამხმარე სახელმძღვანელო ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისათვის
European association process in Georgia - handbook for history and civic education teachers