წამყვანისა და მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დაანონსებულ გამოცდას არამარტო პედაგოგები ელოდებიან, არამედ ის მასწავლებლობის მსურველებიც, რომლებსაც საგნის გამოცდა 10 კრედიტზე აქვთ ჩაბარებული და მასწავლებელთა ერთწლიან მომზადების კურსს გადიან (ან უკვე გავლილი აქვთ) და სკოლაში დასაქმების სურვილი აქვთ.
მოგეხსენებათ, თუ მასწავლებლობის მსურველი საგნის გამოცდაზე მინიმალურ ზღვარს გადალახავს და უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან კურსს გაივლის, მას სკოლაში დასაქმებისთანავე უფროსის სტატუსი ენიჭება, თუმცა თუ სკოლაში არაა პირი დასაქმებული, მას მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსი ვერ ექნება იქამდე, სანამ მასწავლებლის პროფესიით არ დასაქმდება.
შესაბამისად, თუ პედაგოგობის მსურველს წარმატებით ექნება მასწავლებლის კომპეტენცია დადასტურებული და 60-კრედიტიანი პროგრამა გავლილი, ეს არ ნიშნავს, რომ ის წამყვანისა და მენტორის სტატუსის მოსაპოვებელ გამოცდაზე გასვლას შეძლებს. ამისთვის საჭიროა 2022 წლამდე ის სკოლაში დასაქმდეს და უფროსის სტატუსი მიიღოს, რადგან გამოცდაზე გასვლას მხოლოდ ის პედაგოგები შეძლებენ, რომლებიც სკოლაში იქნებიან დასაქმებულნი და უფროსის ან წამყვანის სტატუსი ექნებათ.