სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების ახალი დებულება დამტკიცდა - რა ვალდებულებები დაეკისრა დეპარტამენტს
განათლების სამინისტროდან კულტურისა და სპორტის გამოყოფის შემდეგ, სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების ახალი დებულება დამტკიცდა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, ახალი დებულება განსაზღვრავს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
დეპარტამენტის კომპეტენციაა:
- წინადადებების მომზადება სკოლამდელი და ზოგადი განათლების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავების მიზნით;
- სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებისა და პროგრამების, მათ შორის, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტისა და პროგრამის შემუშავება/განვითარება, პილოტირება, დანერგვის ჩარჩოსა და სამოქმედო გეგმის განსაზღვრა, პროცესების კოორდინირება და წარმართვა;
- ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარება, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნის/საგნების პროგრამების შემუშავება/განვითარება, პილოტირება, დანერგვის ჩარჩოსა და სამოქმედო გეგმის განსაზღვრა, პროცესების კოორდინირება და წარმართვა;
- ინკლუზიური განათლების დანერგვის ხელშეწყობა;
- სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა კვლევის ჩატარება;
- საქართველოს საგანმანათლებლო სივრცისთვის სკოლამდელი და ზოგადი განათლების სფეროში ტერმინებისა და ცნებების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
- თვითმმართველი ქალაქებისა და თვითმმართველი თემების, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, გამომცემლობების, ავტორის/ავტორთა ჯგუფების, საგანმანათლებლო ასოციაციებისა და განათლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების კონსულტირება ხარისხიანი და თანაბრად ხელმისაწვდომი სკოლამდელი და ზოგადი განათლების კონცეპტუალურ და ორგანიზაციულ-ადმინისტრაციულ საკითხებზე, საგანმანათლებლო სტანდარტებისა და პროგრამების თაობაზე;
- ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით წინადადებების წარდგენა სახელმძღვანელოს/სახელმძღვანელოს სერიის გრიფირების გამოცხადების, მასთან დაკავშირებული პირობების, შეფასების შინაარსობრივი კრიტერიუმების, ვადებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ;
- საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორების შესარჩევ კონკურსში მონაწილე პირების შეფასების შინაარსობრივი კრიტერიუმების განსაზღვრა;
- სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის სავალდებულო ზოგადი განათლების მიღების უფლების და სოციალიზაციის ხელშეწყობა;
- არასრულწლოვნის მიმართ გადამისამართების (რეფერალის) ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები, სამინისტროსთან არსებული ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობის ხელშეწყობა;
- რესურსსკოლების მეთოდოლოგიური მხარდაჭერა და ამავე სკოლების მიერ განხორციელებული პანსიონური მომსახურების კოორდინაცია და ზედამხედველობა;
- საჯარო სამართლის იურიდიულ პირების – სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულებების კოორდინაცია და ზედამხედველობა;
- სკოლამდელი და ზოგადი განათლების დამხმარე მეთოდოლოგიური და სასწავლო რესურსების შემუშავება/განვითარება, გავრცელებისა და დანერგვის ხელშეწყობა;
- სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარებაზე პასუხისმგებელ სხვა ქვეყნების ორგანიზაციებთან თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით;
- ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრირების ხელშემწყობი საგანმანათლებლო პოლიტიკის შემუშავება, მათ შორის, ბილინგვური განათლების კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების განხორციელება;
- არაფორმალური განათლების ხელშეწყობა და ამ მიზნით სხვადასხვა პროგრამის/პროექტის ინიციირება და განხორციელება;
- დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
- ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.