სენაკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იმიტირებული გამოფენა-ფორუმისთვის პრეზენტაციები და პოსტერები მოამზადეს
21-11-2017
სენაკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს მასწავლებელმა მამუკა კუჭავამ გაკვეთილი ჩაუტარა თემაზე -  ადგილობრივი ეკოტურისტული სერვისების იდენტიფიცირება და შეფასება.

გაკვეთილის თემის წარდგენის შემდეგ მასწავლებელმა მოსწავლეებს ჰკითხა, რა ტიპის ეკოტურისტულ მომსახურებებს იცნობდნენ. პედაგოგმა პასუხები ფლიპჩარტზე დააფიქსირა.

მასწავლებელმა მოსწავლეებს სთხოვა თავი წარმოედგინათ ეკოტურისტული მომსახურების განვითარების საკონსულტაციო ჯგუფის წევრებად, რომლებიც ამზადებენ გამოფენა-ფორუმს. მოსწავლეებს გამოფენა-ფორუმისათვის უნდა მოემზადებინათ პრეზენტაციები და პოსტერები, სადაც სერვისის გაუმჯობესების კრიტერიუმებსა და რეკომენდაციებს წარმოადგენდნენ.

მასწავლებელმა მოსწავლეები 4 მცირე ჯგუფად დაჰყო.  

• პირველ ჯგუფის თემა -  საოჯახო სასტუმრო;
• მეორე ჯგუფის თემა - საზოგადოებრივი კვების ობიექტი;
• მესამე ჯგუფის თემა - ადგილობრივი გამყოლი/გიდი;
• მეოთხე ჯგუფის თემა - აგრომეურნეობა და ტრადიციული რეწვის ბიზნესი.

ჯგუფის წევრები მათთვის განკუთვნილ საკითხავ მასალას გაეცნენ. მოსწავლეებს ამ მასალაზე დაყრდნობით უნდა შეექმნათ პლაკატი, სადაც ყველაზე მნიშვნელოვან და საჭირო ინფორმაციას წარმოადგენდნენ. მოსწავლეები დავალებას შემოქმედებითად მიუდგნენ. 

ჯგუფის წევრებმა შექმნეს სახალისო, ადვილად წასაკითხი და გასაგები გზამკვლევი-პოსტერი, რომელიც დაეხმარება ამ საქმიანობით დაკავებულ ადამიანებს სერვისების გაუმჯობესებაში. მოსწავლეებმა თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაციას მოაწყვეს.

გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელმა მოსწავლეებს ჯგუფების მიხედვით ტურისტული მომსახურების შესაბამისი კითხვარები დაურიგა და საშინაო დავალებად მისცა მათ დასახლებულ პუნქტში ჩაატარონ აღნიშნული ობიექტების გამოკითხვა.

როგორც მამუკა კუჭავამ აღნიშნა, აღნიშნული აქტივობები მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, გაიაზრონ ტურისტული ობიექტის მიერ შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების საჭიროება, რაც აისახება მომსახურების ხარისხზე და გაზრდის მასზე მოთხოვნას.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203