საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც აფასებს COVID-19-ის გავლენას ბავშვთა განათლების მიღებასა და დისტანციურ სწავლებაზე.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 96.8 პროცენტით განისაზღვრა 6-17 წლის ასაკის ბავშვების წილი, რომლებიც 2020 წლის მარტში, საგანმანათლებლო დაწესებულებების დახურვამდე დადიოდნენ შესაბამის დაწესებულებებში და მათი დახურვის შემდეგ უტარდებოდათ ონლაინ გაკვეთილები. ქალაქის ტიპის დასახლებებისთვის აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობა 98.0 პროცენტს შეადგენდა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებისათვის - 95.2 პროცენტს.
ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ონლაინ გაკვეთილებზე დასწრების შედარებით მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 6-11 წლის ასაკის ბავშვებში და 97.4 პროცენტი შეადგინა.
დისტანციური სწავლების შეთავაზებული მეთოდებით კმაყოფილების დონით ძალიან უკმაყოფილოა 12,1%, მეტ-ნაკლებად უკმაყოფილო 13,3%, ძალიან კმაყოფილი 5%, მეტ-ნაკლებად კმაყოფილი 43%, არც კმაყოფილი და არც უკმაყოფილო 25.2%, არ ვიცი/მონაცემი არ არის 1,5%.
გამოკვლევამ აჩვენა, რომ 6-17 წლის ასაკის ბავშვების 57.3 პროცენტი უყურებდა ან უსმენდა სატელევიზიო გაკვეთილებს. აღნიშნული მაჩვენებელი შედარებით მაღალია სასოფლო ტიპის დასახლებებში (60.7%), სქესის მიხედვით - გოგონებში (59.8%), ხოლო ასაკის მიხედვით - 6-11 წლის ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებში (61.5%).
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2-17 წლის ასაკის ბავშვების 57.4 პროცენტმა გააგრძელა სწავლა საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ, რომლებიც დადიოდნენ სკოლამდელი განათლების დაწესებულებაში ან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში, 2020 წლის მარტში საგანმანათლებლო დაწესებულებების დახურვამდე.
ამავე გამოკვლევის მიხედვით, საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი არ განუახლებია ბავშვთა 38.4 პროცენტს, ხოლო სასწავლო პროცესის განახლების დროისთვის სწავლა უკვე დამთავრებული ჰქონდა ბავშვთა 3.9 პროცენტს.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2-17 წლის ასაკის ბავშვების საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ დაბრუნების ძირითად მიზეზად დასახელდა საგანმანათლებლო დაწესებულებების დახურვა და ონლაინ სწავლების შესაძლებლობა (67.3%), ასევე შიში COVID-19-ის მიმართ (28.1%).
გამოკვლევის ფარგლებში შეგროვდება მონაცემები როგორც ქალაქებში, ისე სოფლად მცხოვრებ შინამეურნეობებში. ქვეყნის მასშტაბით შერჩევის ზომა განსაზღვრულია 2118 შინამეურნეობით, მათ შორის ქალაქად 996 ერთეულით, ხოლო სოფლად 1122 ერთეულით. მონაცემების შეგროვება ხორციელდება პლანშეტური კომპიუტერების გამოყენებით, კომპიუტერიზირებული სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით (CATI).