„ქართველობის სიმფონია-ჩემი, შენი, ჩვენი ემიგრანტების“ პირველი გადაცემა 25 აპრილს გავა - გამარჯვებულებს დიასპორის კომიტეტი დააჯილდოებს
30-03-2021
მაღალტექნოლოგიური საერთაშორისო პროექტის - „ქართველობის სიმფონია - ჩემი, შენი, ჩვენი ემიგრანტები“ პირველი გადაცემა 25 აპრილს გავა - ამის შესახებ ეროვნული მედია პროექტის - „ეტალონი“ და თანამედროვე ტექნოლოგიური ონლაინ პლატფორმის - IZRUNE.GE-ს ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტთან მემორანდუმს გაფორმებისას განაცხადა. 

მემორანდუმს ხელი დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ და ეროვნული მედიაპროექტის - „ეტალონი“ და თანამედროვე ტექნოლოგიური ონლაინ პლატფორმის - IZRUNE.GE ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა მოაწერეს.

როგორც პროექტების ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, იდეას გაჟღერებისთანავე ძალიან დიდი გამოხმაურება, ინტერესი და მხარდაჭერა მოჰყვა ემიგრანტების მხრიდან. პროექტის მთავარი ამოცანა, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის და მათი ოჯახებისთვის ინდივიდუალური და სისტემურად გააზრებული ადაპტირებული გასართობი, შემეცნებითი პროგრამებით უზრუნველყოფაა.

„ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ჩართულობა ამ პროექტში. ეს გაზრდის პროექტის მასშტაბებს და ააგებს ალგორითმს ჩვენსა და ჩვენს ემიგრანტებთან მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

პროექტის ყველაზე რთული ნაწილი, ტექნოლოგიური ნაწილი იყო - როგორ ჩაერთოს უამრავი ადამიანი ერთდროულად და დემოკრატიულად ერთნაირი უფლებებით, თუმცა ჩვენ ამ საკითხის ტექნოლოგიურად გადაწყვეტა შევძელით.

პროექტის პირველივე გაჟღერებისთანავე ძალიან დიდი გამოხმაურება და ინტერესი მივიღეთ სხვადასხვა ქვეყნებიდან. ემიგრანტები არამარტო ჩართულობას, არამედ დახმარებასაც გვთავაზობენ, რაც ჩემთვის სიმართლე გითხრათ, მოულოდნელი იყო.

პირველი გადაცემა გავა 25 აპრილს, მეორე - დამოუკიდებლობის დღისთვის და შემდეგ კი, უკვე შემოდგომისთვის მოვემზადებით. საშუალო გათვლით, ყოველთვიურად პროექტში ჩართული იქნება 200 ათასი ემიგრანტის ოჯახი. პროექტის განხორციელების პროცესში დაგეგმილია საკვირაო სკოლების აქტიური ჩართვა. ეს არ არის წარმოუდგენელი. ამის გაკეთება ჩვენ რეალურად შეგვიძლია“, - აღნიშნა გოჩა ტყეშელაშვილმა.



მემორანდუმზე ხელმოწერით საფუძველი ეყრება შესანიშნავ წამოწყებას - განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ და აღნიშნა, რომ პროექტთან დაკავშირებით ამბიციური გეგმები აქვს თავად კომიტეტსაც - იგეგმება რომ გადაცემაში გამარჯვებული ოჯახები წლის ბოლოს საქართველოში ჩამოვიდნენ და დაჯილდოვდნენ.

„ადამიანს აქვს ფუნდამენტური უფლება - იყოს ბედნიერი და ეს პროექტი ნამდვილად იძლევა იმის საშულებას, რომ ადამიანმა განიცადოს ბედნიერება. დღეს, ჩვენ ვართ მოწმე, რომ საფუძველს ვუყრით საქმეს, რომელიც მოგვცემს იმას, რაც არის ჩვენი დანიშნულება, ჩვენი დიდი სურვილიც და ოცნებაც - ჯერ ონლაინ რეჟიმში, ეკრანებიდან დავიბრუნებთ ჩვენს ემიგრანტებს და ხვალ-ზეგ კი, მათ აუცილებლად დავიბრუნებთ რეალურად.

მე გავხდი მოწმე იმისა, თუ რა დიდი ჩართულობაა საქართველოს მასშტაბით პროექტში „სუპერ ოჯახები“. ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთი ტიპის პლატფორმა არსებობდეს ემიგრანტებისთვისაც. ეს მათთვის შეუცვლელი და ძალიან საინტერესო პლატფორმაა. ჩვენ ვიშუამდგომლებთ სხვადასხვა მიმართულებით, რომ დაბრუნდეს ეს გადაცემა ეთერში და ნაციონალური ეთერით გადაიცემოდეს. ამ გადაცემას დაერქმევა - „ქართველობის სიმფონია - ჩემი, შენი, ჩვენი ემიგრანტები“, რაც შესაძლებელს გახდის, რომ ქართველი ემიგრანტები იყვნენ პირდაპირ ეთერში, საქართველოში, თავის სამშობლოში და თავიანთი გამოწვევები, სურვილები გააცნონ ყველას. 

ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები: იქნება წოდებების მინიჭება და წლის ბოლოს ჩვენ გვინდა ტრადიციად ვაქციოთ, რომ ამ კონკურსის, გადაცემის გამარჯვებულები, ლაურეანტი ოჯახები ჩამოვიყვანოთ საქართველოში და დავაჯილდოოთ.

რატომაც ვაწერთ ხელს ამ მემორანდუმს, საქართველოს პარლამენტის კომიტეტის სახელით ეს გახლავთ, რომ ჩვენ გავუწევთ კოორდინაციას და საორგანიზაციო საკითხებში ხელმისაწვდომს გავხდით შემოქმედებითი ჯგუფისთვის სხვადასხვა სამინისტროებს და ჩავრთავთ ჩვენს საელჩოებს, ჩვენს დიასპორულ ორგანიზაციებს და საკვირაო სკოლებს. ჩვენი კომიტეტი იქნება ის შუალედური რგოლი, რომელიც დაეხმარება ამ გადაცემას, რომ ძალიან მალე აკრიფოს შესაბამისი სისწრაფე და სიმაღლეები“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203