ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
30-03-2021
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი KIU-ს რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ, GITA-ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და უნივერსიტეტის კანცლერმა მაგდა მაღრაძემ მოაწერეს.

მემორანდუმის მიზანია საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარების, განათლების სისტემასა და ბიზნესს შორის კავშირების გაზრდის, STEM განათლების, კვლევებისა და ინოვაციების ხელშეწყობა. მხარეებს შორის პარტნიორობის ეს ფორმატი ითვალისწინებს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების და კურსდამთავრებულების სტარტაპების, სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამების ერთობლივად განხორციელებას, KIU-ს ინოვაციების ეკოსისტემის სტრატეგიის დანერგვის მიზნით თანამშრომლობას, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ტექნოლოგიური ტრანსფერის მიმართულების განვითარებას.
ღონისძიებას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ, რომელთაც მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ ლექცია თემაზე „ინოვაციური იდეების მხარდაჭერა საქართველოში“ წაუკითხა. მან ახალგაზრდებს ის პროექტები და ინიციატივები გააცნო, რომლებსაც სააგენტო ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და სტარტაპების განვითარების მიმართულებით სთავაზობს.

„დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუმრად არის საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენელი. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტი სააგენტოსთან ერთად, განავითარებს ინოვაციურ ეკოსისტემას. ეს არის გარემო, რომელშიც საშუალება ექნებათ როგორც ჩვენს უნივერსიტეტებს, ასევე, პერსონალს და ზოგადად რეგიონს, ხელი შეუწყონ ინოვაციურ იდეებს, მოახდინონ ტექნოლოგიური და თანამედროვე პროექტების განვითარება“, - განაცხადა KIU-ს რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ.

„დღეს ხელი მოვაწერეთ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. ცოდნაზე და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობის პროცესში, სწორედ, ასეთი მაღალი დონის, საერთაშორისო მასშტაბის უნივერსიტეტი აძლევს ქართველ ახალგაზრდებს შესაძლებლობას, ცოდნას და იმ გამოცდილებას, რომელიც საჭიროა ქვეყნის განვითარებისთვის. მემორანდუმი გულისხმობს, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ჩართული იქნება ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებაში. ვისაუბრეთ სტუდენტების აქტიურ მონაწილეობაზე, მათი ინოვაციური იდეების მხარდაჭერაზე. საქართველოს მთავრობა მზად არის მაქსიმალურად შეუწყოს ხელი იმ ახალ და, მართლაც, უნიკალურ შესაძლებლობებს, რომლებიც არამარტო ქუთაისში, არამედ მთლიანად საქართველოში შექმნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა“, - განაცხადა ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ.

„დღეს გაფორმდა ძალიან მნიშვნელოვანი მემორანდუმი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის. ამ მემორანდუმის მიზანია, უნივერსიტეტმა სააგენტოსთან თანამშრომლობით, განავითაროს ინოვაციების ეკოსისტემა და ჩვენს სტუდენტებს შესთავაზოს დასაქმება და სტაჟირება, ისე, რომ მათ კარგად შეისწავლონ ტექნოლოგიები, გახდნენ საინჟინრო-საბუნებისმეტყველო დარგებში პროფესიონალი სპეციალისტები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის განვითარებას შეუწყობენ ხელს. მოგეხსენებათ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი წელს აცხადებს სტუდენტების მიღებას ბაკალავრიატის სამ პროგრამაზე და ეს პროგრამები არის მომავალი ტექნოლოგების, ინჟინრების განვითარებისთვის შექმნილი“, - განაცხადა KIU-ს კანცლერმა მაგდა მაღრაძემ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203