14 წლის მოზარდმა თავი მოიკლა - ინფორმაციას სკოლის დირექტორი ადასტურებს
01-04-2021

N120 საჯარო სკოლის ყოფილმა მოსწავლემ, 14 წლის ს.ბ-მ თავი მოიკლა, - ყოველ შემთვევაში, ასეთია წინასწარი ინფორმაცია; ჯერჯერობით, მიზეზი უცნობია და იმედია, გამოძიება არსებულ კითხვებს კომპეტენტურ პასუხს გასცემს. მანამდე კი, არსებული ინფორმაციით, ირკვევა, რომ დედამ შვილის გარდაცვალების შესახებ სოციალური ქსელით შეიტყო, როდესაც სამძიმრები მიიღო.

Etaloni.ge-მ ინფორმაციის გადამოწმება N120 სკოლის დირექტორთან სცადა. მზია ვახტანგიშვილმა, რომელიც თავზარდაცემული გახლდათ ფაქტით, განმარტა, რომ გარდაცვლილი მოზარდი მართლაც სწავლობდა მათ სკოლაში, თუმცა მე-9 კლასიდან გავიდა და მას შემდეგ მასთან კონტაქტი არ ჰქონიათ.

დირექტორი აღნიშნავს, რომ ესაა ტრაგედია, როგორც ოჯახის, ისე სკოლისთვის, რადგან ბიჭი იყო ძალიან თბილი, მშვიდი და გაურკვეველია, რას შეეძლო მისი მიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე. 

მოზარდის გარდაცვალებას კი N120 სკოლა ფეისბუქ-სტატუსით გამოეხმაურა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„თავზარდამცემი ამბავი, რომლის დაჯერება ყველას გაუჭირდა; ყველას, ვინც იცნობდა სიცოცხლითა და ხალისით სავსე ბიჭს, რომელმაც დაგვიტოვა დიდი ტკივილი და ამოუცნობი სევდა, სევდა ნაადრევად გაფრენილი სიცოცხლისა.

სანდრო, ვინ იცის, რამდენი ფიქრი და ოცნება გქონდა, რატომ გამოაკლდი შენს თანატოლებს? დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ შენს ოჯახსა და ახლობლებს. ეს ის შემთხვევაა, როცა სიტყვები უძლურია იმ დიდი მწუხარების გამოსახატად, რაც მარადისობაში შენმა გადასვლამ გამოიწვია.

ყოველთვის გვემახსოვრები, სანდრო!“ - წერია სკოლის ფეისბუქგვერდზე. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203