სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება ბავშვთა სუიციდის პრევენცია.
როგორც ომბუდსმენის ანგარიშშია ნათქვამი, ქვეყანაში არ არსებობს ბავშვებში სუიციდის რისკის შეფასებისა და გამოვლენის მეთოდოლოგიური დოკუმენტი და კონკრეტული ინსტრუმენტი.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2020 წელს არასრულწლოვანთა სუიციდის 14, ხოლო სუიციდის მცდელობის 54 შემთხვევა გამოვლინდა. ხოლო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის პირველი მარტიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, მოსწავლეთა სუიციდური აზრების/ქცევისა და თვითდაზიანების 36 შემთხვევა გამოვლინდა.
ბავშვთა სუიციდის გამომწვევ რისკ-ფაქტორებს შორის ბევრი დღემდე გადაუჭრელი სისტემური პრობლემაა. მწვავედ დგას ბავშვთა მიმართ/შორის ძალადობისა და უგულებელყოფის გამოვლენის პრობლემა, ოჯახში ძალადობა, სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე, რასაც ემატება ქვეყანაში სათანადო სარეაბილიტაციო სერვისების არარსებობა, მსგავს შემთხვევებზე მომუშავე პროფესიონალების სიმცირე და მათი დაბალი კვალიფიკაცია. განსაკუთრებით პრობლემურია სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების სიმცირე, სკოლებში პედაგოგთა ცნობიერების ამაღლების საჭიროება, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების გადამზადების საკითხი. ქვეყანაში არ არსებობს ბავშვებში სუიციდის რისკის შეფასებისა და გამოვლენის მეთოდოლოგიური დოკუმენტი და კონკრეტული ინსტრუმენტი, რომელიც სოციალურ მუშაკებს, სამართალადამცავი უწყების თანამშრომლებსა და სკოლების წარმომადგენლებს საშუალებას მისცემდა, კონკრეტულ ინდიკატორებზე დაყრდნობით, შეეფასებინათ ბავშვებში სუიციდის რისკები, მულტიდისციპლინური მიდგომის საფუძველზე დაესახათ პრობლემის გადაჭრის გზები და მათი განხორციელებისთვის კოორდინაცია გაეწიათ. პრობლემის სიმწვავის მიუხედავად, სახელმწიფოს ამ დრომდე არ შეუმუშავებია კონკრეტული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა ბავშვებში სუიციდური ქცევის გამომწვევი ფაქტორების აღმოფხვრისა და რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების ინდივიდუალური საჭიროებების დროული და ეფექტიანი შეფასებისკენ.
არსებული სისტემური პრობლემების ერთ-ერთი ტრაგიკული მაგალითია ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის ფაქტი, რომელიც არ არის განყენებული შემთხვევა და სისტემური პრობლემის ნაწილია. ამ შემთხვევამ გვიჩვენა, რომ ქვეყანაში კვლავ პრობლემად რჩება სუიციდის თავიდან არიდება, რისკების შეფასება და დროული რეაგირება“, - ნათქვამია ანგარიშში.