„ეტალონის“ LIVE პროექტები გრძელდება და დღითიდღე უფრო მეტ მასშტაბებს იძენს. 28 მარტს, უკვე მესამედ გამოვლინდა „საქართველოს SUPER ოჯახები“. უპრეცედენტო დისტანციური ONLINE საოჯახო გადაცემა-თამაში „ზუმის“, „ეტალონის“ მეთოდოლოგიისა და izrune.ge-ს მაღალი ტექნოლოგიების გაერთიანების შედეგად შეიქმნა, დიდი ხანი არაა, რაც სტარტი აიღო და უკვე ათასობით ოჯახი გააერთიანა. მიზანი ერთია - განსხვავებული ასაკისა და თაობის ადამიანთა გაერთიანება და ერთად სვლა წარმატებისკენ.
28 მარტის გადაცემა უჩვეულო, უფრო სწორად, სიახლეებით დატვირთული და ძალიან ემოციური იყო; ათასობით მსურველს შორის, გადაცემის ფორმატის თანახმად, მხოლოდ 88 კონკურსანტი ოჯახი ჩაერთო. იყო სიხარული, საინტერესო კითხვების კორიანტელი და ვიდეოები, რომლებიც ოჯახებმა გადმოგზავნეს, რათა კიდევ ერთხელ აღენიშნათ, რომ „ეტალონი“ და izrune.ge დიდ საქმეს ემსახურება, რასაც მომავალი თაობების განათლება ჰქვია.
გადაცემის უცვლელმა წამყვანმა და პროექტის სულისჩამდგმელმა გოჩა ტყეშელაშვილმა სიამოვნებით დააანონსა ახალი პროექტის დაწყების თარიღი - 25 აპრილი, გადაცემა კი მართლაც საოცარი იქნება, რადგან გააერთიანებს საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს.
გადაცემის თანაწამყვანად გოჩა ტყეშელაშვილმა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია მოიწვია, რომელმაც უპრეცედენტო პროექტის შესახებ ისაუბრა:
„მოგესალმებით, თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას, მშვიდობიანს, განვითარებულს, განათლებულს შეიყვანთ თავისუფალი სამყაროს რიგებში, 22-ე საუკუნეში; ბედნიერი ვარ, მომეცა საშუალება, ვიყო იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც ხვალ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მომავალს განსაზღვრავენ.
გილოცავთ ჩვენს ერთად ყოფნას და სიხარულით უნდა გაცნობოთ, რომ ფორმდება მემორანდუმი „ეტალონისა“ და Izrune.ge-ს დამფუძნებლებთან, შევქმნით სრულიად ახალ პლატფორმას, პერიოდულ გადაცემას, რომელიც სტარტს მალე აიღებს და ჰორიზონტზე მისი ფინიშის დანახვა შეუძლებელი იქნება.
ჩვენ ხელს მოვხვევთ მთელ მსოფლიოში 2 მილიონ ქართველს და ყველას დავანახებთ, რომ მართლაც სუპერ-ოჯახები გვყავს; ქართველები სადაც არიან, იქ პატარა საქართველოა და ჩვენი დროის გმირები აკეთებენ უდიდეს ქართულ საქმეს“.
გადაცემის საპატიო სტუმარი იყო ირაკლი ქადაგიშვილი - პარლამენტარი და „ეტალონის“ ერთგული თანამოაზრე, რომელმაც აღნიშნა, რომ ათეულ წელზე მეტია „ეტალონს“ გულშემატკივრობს, გოჩა ტყეშელაშვილთანაც წლებია მეგობრობა აკავშირებს და მოხარულია, რომ დღეს „პროექტი განვითარების ახალ ფაზაზე გადადის - ის მოიცავს არა მხოლოდ სამშობლოს ტერიტორიას, არამედ ყველა ოჯახს, ქვეყნის ფარგლებს გარეთ - რომელიც სადაც უნდა ცხოვრობდეს, რასაც უნდა აკეთებდეს, მაინც მიჯაჭვულია სამშობლოზე და სწორედ ამ პლატფორმაზე უნდა გავერთიანდეთ; ჩვენ ერთი რამ გვამოძრავებს - სამშობლო, მომავალი და ცოდნაზე დამყარებული ძლიერი საქართველო“.
მერე კი იყო ტესტები, კითხვები უამრავ საინტერესო თემატიკაზე და ოჯახების მიერ გამოგზავნილი ვიდეორგოლები, რომელმაც გულგრილი ვერავინ დატოვა; მოგვიანებით, პირველკლასელმა ალე კახიანმა ექსპრომტად წაიკითხა პატარა ოპუსი, რომელიც აფხაზეთს შეეხებოდა. ეს იყო გზავნილი იქ, ენგურსმიღმა მაცხოვრებლებისთვის - აფხაზები ცოტა ბუტიები არიან და ამიტომ გაგვებუტნენო, - გვითხრა ალემ და ვინ იცის, იქნებ ოდესმე ამ სიტყვებმა გალაქტიკა გაარღვიოს ... „საქართველოს SUPER ოჯახები“ ხომ ის პროექტია, რომელსაც საზღვრები არ გააჩნია.
ამასობაში, „საქართველოს Super-ოჯახების“ მოწინავე სამეული გამოიკვეთა, რომლებმაც მოგვიანებით Etaloni.ge-ს საკუთარი ემოციები გაუზიარეს:
თეა ჭეიშვილი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის მოსწავლის - მარიამ ლიმონაშვილის მშობელი:
- პირველ რიგში, შეუძლებელია არ აღვნიშნო, რომ ზოგადად, პროექტში მონაწილეობა იყო ძალიან სასიხარულო და გამოგიტყდებით - ასეთ შედეგს ნამდვილად არ ველოდით. პირველი ადგილი - ეს სიხარული, ეს ემოცია ალბათ დიდი ხანი გაგვყვება. წლებია izrune.ge-ში ვართ ჩართულები და პროექტი ძალიან გვიყვარს, თუმცა ასეთ წარმატებას ნამდვილად არ ველოდით. დიდი მადლობა ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს და izrune.ge-ს, ასევე ჩვენი სკოლის ხელმძღვანელსა და პედაგოგებს, პროექტებში ჩართვის შესაძლებლობა რომ მოგვეცა.
დიანა ნემსიწვერიძე, აკაკი წერეთლის სახელობის, ქუთაისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლის - გიორგი კაპანაძის მშობელი:
- კითხვები იყო ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი, არცთუ მარტივი... ამიტომ მეორე ადგილს ნამდვილად არ ველოდით და ეს დიდი სიხარული აღმოჩნდა ჩვენთვის. ვფიქრობ, ასეთი პროექტები აუცილებლად უნდა არსებობდეს, რადგან უდიდესი მოტივაციაა ჩვენი შვილებისთვის.
მარიამ ჭოხონელიძე, ქუთაისის N31 საჯარო სკოლის მოსწავლის - თეკლა სუპატაშვილის მშობელი:
- izrune.ge ძალიან გვიყვარს და ბავშვებიც აქტიურად არიან ჩართულები პროექტში, თუმცა ასეთ შედეგს კონკურში ნამდვილად არ მოველოდით და ეს მართლაც უდიდესი სიხარული იყო, არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ უფროსებისთვისაც.
იხილეთ გადაცემის სრული ვიდეოჩანაწერი