კორონავირუსის გავრცელება მასწავლებლებსა და მოსწავლეებში - განათლების მინისტრის მოადგილე კოვიდსტატისტიკაზე
02-04-2021
განათლების მინისტრის მოადგილემ ეკა დგებუაძემ ბრიფინგზე მიმდინარე კვირის სტატისტიკა გააცნო საზოგადოებას და აღნიშნა, რომ დისტანციურ სწავლაზე 52 საჯარო სკოლა და 121 კლასია გადასული.
„უკანასკნელი ერთი კვირის მონაცემებით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,1%-ს და მოსწავლეთა 0.02%-ს დაუდასტურდა. 2 085 საჯარო სკოლიდან, სრულ დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 52 საჯარო სკოლა და 121 ცალკეული კლასი. ხოლო 218 კერძო სკოლიდან დისტანციურ სწავლებაზეა 2 სკოლა და 17 ცალკეული კლასი. რაც შეეხება რისკ-ჯგუფში მყოფი მასწავლებლების რაოდენობას, რომელთაც დისტანციური სწავლების თხოვნით სკოლას თავად მიმართეს და შეღავათი გაეწიათ, ამ ეტაპზე დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 91 პედაგოგი იმყოფება.
როგორც წესი, ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება, რის შემდეგაც აღნიშნული სკოლები ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის შესაბამისად იმოქმედებენ“, - აღნიშნა დგებუაძემ.