„პედაგოგები მზად შეხვდნენ“ -რას ფიქრობენ დირექტორები ელექტრონული ჟურნალის წარმოების დანერგვაზე
02-04-2021
როგორ აფასებენ ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას; რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას ამ პროცესში - აღნიშნულ შეკითხვებზე etaloni.ge სკოლების დირექტორების მოსაზრებებს გთავაზობთ: 

სამტრედიის N7 საჯარო სკოლის დირექტორი მარინა გოგიშვილი:

- ჩემთან უკვე არანაირ დახმარებას არ საჭიროებენ პედაგოგები, რადგან უკვე წლებია, ვმუშაობთ ელექტრონულ ჟურნალში. ზუსტად ამის გამო ჩავერთეთ თავიდანვე, რომ სავალდებულო რომ გახდება, ყველანაირად მზად შევხვდეთ. ზოგადად, რა თქმა უნდა დადებითად ვაფასებ, რომ გახდეს სავალდებულო. იმდენად კარგად არის ყველაფერი დაანგარიშებული და დაჯამებული, გაუადვილდებათ პედაგოგებს ნამდვილად მუშაობა. ერთი, რასაც ვისურვებდი, კარგი იქნებოდა, როგორც მატერიალურ ჟურნალში გადაშლით ჩანს ყველას მონაცემი, იყოს ელექტრონულშიც ამის შესაძლებლობა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის საჯარო სკოლის მაია ღლიღვაშვილი:

- ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს ელექტრონულ ჟურნალთან დაკავშირებით. 2 წლის წინ მოხალისეებად ჩავერთეთ რამდენიმე სკოლა. გვქონდა ამ მხრივ გამოცდილება და პედაგოგებიც მზად შეხვდნენ, არ გაჭირვებიათ, ადვილად გაართვეს თავი. მე პირადად დადებითად ვაფასებ, რომ გახდეს სავალდებულო.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაწყურის საჯარო სკოლის დირექტორი ლელი აკოფოვი:

- პედაგოგებს მუშაობა არ უჭირთ და არც დახმარებას საჭიროებენ, თუ ინტერნეტთან აქვთ წვდომა. მოგეხსენებათ, ჩვენ ინტერნეტი ძალიან დაბალი სიხშირით მოგვეწოდება, რაც გვიქმნის პრობლემას, გამართულად ვაწარმოოთ ელექტრონული ჟურნალი. ამ ეტაპზე ორივე ჟურნალს ვაწარმოებთ. თუ ვერ ვახერხებთ ელექტრონულში შეტანას, მატერიალურში შეგვაქვს და მერე გადაგვაქვს. ხან მობილურით ვახერხებთ. სავალდებულოდ რომ გახდეს, წინააღმდეგი არ ვარ, თუ ინტერნეტი იმუშავებს გამართულად.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის საჯარო სკოლის დირექტორი მაკა კუპრაშვილი:

- მე ძალიან მომწონს და დადებითად შევაფასებ, სავალდებულო გახდეს ელექტრონული ჟურნალი. მე პედაგოგიც ვარ და ძალიან მარტივია ელექტრონულ ჟურნალში მუშაობა, თუმცა, რადგან ჯერ სავალდებულო არაა, ორივე ჟურნალს ვაწარმოებთ. პედაგოგებს რაც შეეხება, მარტივად გაართვეს თავი, არანაირი დახმარება არ სჭირდებათ ძირითადად. მხოლოდ რამდენიმე ასაკიანი პედაგოგი გვყავს, რომელთაც ცოტა ვეხმარებით, თუმცა, სანამ სავალდებულო გახდება, უკვე მზად შევხვდებით ყველა.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხენიშის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა ტყვაცირია:

- რა თქმა უნდა, დადებითად ვაფასებ ელექტრონული ჟურნალის სავალდებულოდ შემოღებას. ძალიან კარგია. ჩემთვის და ჩემი სკოლის პედაგოგებისთვის არ წარმოადგენს არანაირ სირთულეს. ჩემი სკოლის მაგალითზე მოგახსენებთ, რომ ჩვენ თავიდანვე დავნერგეთ ელექტრონული ჟურნალის წარმოება, როგორც კი შემოღებული იქნა. ერთად ვმუშაობდით ყველა, ერთმანეთს ვუზიარებდით ცოდნას და ახლა უკვე გამართულად მუშაობს ყველა პედაგოგი, დახმარებასაც აღარ საჭიროებენ შესაბამისად.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203