ეროვნული გამოცდების ონლაინ ჩატარებაზე მაია გაბუნია განმარტებას აკეთებს
03-04-2021
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სარეგისტრაციო მასალების ანალიზისა და საგამოცდო პროცესების მართვის სამსახურის უფროსი მაია გაბუნია ერთიანი ეროვნული გამოცდების ონლაინ ჩატარებას გამორიცხავს.
გაბუნიას განცხადებით, ცენტრი მზად არის, რომ 2021 წლის ეროვნული გამოცდები ჩვეულ რეჟიმში ჩაატაროს.
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ონლაინ ჩატარება გამორიცხულია. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გამოცდების ჩატარების დროისთვის, ეპიდვითარება ნორმალური იქნება.
ძალიან ხშირად ვამბობ, რომ ჩვენ ვასრულებთ გამოცდებს და მეორე დღიდანვე უკვე ვიწყებთ გამოცდებისთვის მზადებას. მიმდინარეობს მეთვალყურე-კურატორთა ტრენინგები ონლაინ რეჟიმში. ჯგუფები მზად არიან იმისთვის, რომ დროულად ჩაბარდეს საგამოცდო ტესტები. ასე რომ, ცენტრი ყველანაირად მზად არის, იმ პირობებში, რა პირობებშიც გასულ წელს ჩავატარეთ, წელსაც ჩავატარებთ, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ ონლაინ გამოცდაზე საერთოდ საუბარიც არ არის“, - აცხადებს მაია გაბუნია.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია პირველ მარტს დაიწყო და 31 მარტის 18:00 საათზე დასრულდა.
აბიტურიენტთა რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. მას შემდეგ, რაც რეგისტრაციის პირველი ეტაპი დასრულდა, ვეღარ შეცვლიან საგამოცდო ქალაქს, თუმცა საგნის შეცვლას ან დამატებას, ასევე გამოცდის ენის შეცვლას აბიტურიენტები რეგისტრაციის მეორე ეტაპზე - 15 აპრილის 18:00 საათამდე შეძლებენ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა კი, აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლითაა შესაძლებელი. კონკრეტული რიცხვი დაზუსტებისთანავე გამოქვეყნდება
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 38 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.