„სხვადასხვა სკოლის შემთხვევაში, განსხვავებული მიდგომები იქნება ელექტრონულ ჟურნალზე“
03-04-2021
სკოლებში მატერიალური ჟურნალები აღარ იქნება, შეფასებები ელექტრონული ჟურნალების საშუალებით იწარმოებს.

განათლების მართვის საინფორმაციო ცენტრის საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამსახურის უფროსის, ნინო ეფხოშვილის განცხადებით, იმ სკოლებთან, რომლებსაც ინტერნეტთან წვდომის პრობლემა აქვთ, შესაძლოა, განსხვავებული მიდგომებით იმოქმედონ. ​

„ინტერნეტის პრობლემა და მოწყობილობები არის უმთავრესი გამოწვევა, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ. მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში, ვმუშაობთ, რომ მოხდეს საჯარო სკოლების WI-FI სისტემით უზრუნველყოფა, თუმცა ყველა სკოლაში არის ინტერნეტი. არ არსებობს დიდი სკოლა, სადაც ინტერნეტი არ არის.

მაღალმთიან რეგიონების ყველა სკოლაშიც არის ინტერნეტი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ შეიძლება ამინდი შეიცვალოს და არ არის ტექნოლოგიური მზაობა, რომ ინტერნეტმა იმუშაოს გამართულად, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, გავითვალისწინოთ ეს სიტუაცია. როდესაც მხოლოდ ელექტრონული ჟურნალის წარმოება იქნება სავალდებულო და მატერიალური ჟურნალი აღარ იქნება, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ ასეთ მოცემულობასაც და შეიძლება იყოს განსხვავებული მიდგომები სხვადასხვა სკოლის შემთხვევაში...

ელექტრონული ჟურნალის წარმოება სავალდებულო იქნება ყველა სკოლისთვის, თუმცა აქ აქვს მნიშვნელობა, რა ინტენსივობით იქნება წარმოება. იქ, სადაც არ არის WI-FI და შესაბამისი მოწყობილობები, ჩვენ ვერ მოვთხოვთ მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციას, რომ გაკვეთილზე შესვლისთანავე აწარმოონ ელექტრონული ჟურნალი“, - განაცხადა ნინო ეფხოშვილმა.

მატერიალური ჟურნალის გაუქმებასა და ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულოდ დანერგვას მინისტრის ბრძანება ითვალისწინებს.

„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში აღნიშნულია:

„2021-2022 სასწავლო წლიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ელექტრონული ჟურნალის წარმოება გახდეს სავალდებულო და გაუქმებულ იქნეს ჟურნალების წარმოება“.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203