მოსწავლის მობილობის შემთხვევაში, კერძო სკოლამ მოსწავლის პირადი საქმე და სხვა სკოლაში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაცია უნდა გადასცეს მოსწავლის მიმღებ სკოლას მშობლის მოთხოვნით და განცხადების მიღებიდან ერთის ნაცვლად, 3 სამუშაო დღის განმავლობაში. აღნიშნულს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება ითვალისწინებს, რომლის მეორე მოსმენით განხილვა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში დებატების ფონზე წარიმართა. თუმცა როგორც კომიტეტის ხელმძღვანელმა შალვა პაპუაშვილმა სხდომის ბოლოს დააზუსტა, კანონის საბოლოო ვარიანტში, მეექვსე პუნქტში ჩაწერილი ნებისმიერ მიზეზი ამოვარდება და მშობლის ინიციატივით ჩანაცვლდება. ასევე შეიცვლება საბუთების გადაგზავნის ვადები.
კერძო სკოლის წარმომადგენლები კანონში შესატან ცვლილებებს მათ მიმართ სადამსჯელო აქტებად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ დაუშვებელია ყველა გადაცდომას კერძო სკოლის ავტორიზაციის გაუქმება მოჰყვეს. ამასთან, სკოლის ლიდერთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ელზა ბადაშვილმა კანონპროექტის განხილვისას ითხოვა, რომ გაიზარდოს ერთდღიანი ვადა, რომელიც კერძო სკოლას მოსწავლის საბუთების მიმღებ სკოლაში გადასაგზავნად ეძლევა.
„შეშფოთებას იწვევს პუნქტი, რომელშიც პირდაპირ წერია, რომ საბუთები სკოლის მოთხოვნიდან მომდევნო დღესვე უნდა გადაეგზავნოს მომთხოვნ სკოლას. კანონმდებლობა გვავალდებულებს, რომ სანამ სკოლაში მშობელი არ მოვა და არ დაწერს განცხადებას მოსწავლის საბუთებს ვერ გადავუგზავნით სკოლას. ხშირად გვაქვს შემთხვევა რომ საჯარო სკოლები გვიგზავნიან მოთხოვნას მოსწავლის საბუთების გადაგზავნასთან დაკავშირებით, მაგრამ მშობელი მოსვლას იგვიანებს და ერთი, ორი კვირის შემდგომ მოდის და გამოდის, ჩვენ აღარ ვიქნებით დაცულები და შეიძლება ავტორიზაცია შეგვიჩერდეს ამის გამო. მომდევნო დღეს ვერ მოხდება საბუთების გადაგზავნა, რადგან ნიშნები გამოსაყვანია, პირადი საქმე მოსაწესრიგებელია და ამას დრო სჭირდება“, - აღნიშნა ბადაშვილმა.
ამასთან, სკოლის ლიდერთა ასოციაციის ხელმძღვანელი დაინტერესდა, როგორ იცავს სახელმწიფო კერძო ბიზნესს, ამ შემთხვევაში სკოლებს, ვინაიდან, ხშირად არის შემთხვევები, როცა მშობლებს დიდი დავალიანება აქვთ, მიდიან საჯარო სკოლაში და მოსწავლის გადაყვანას ითხოვენ.
„მშობელი წავა, გამოაგზავნის მოთხოვნას სხვა სკოლიდან და აქვს დიდი დავალიანება, რადგან კერძო სკოლები ვართ და ბიზნესია, როგორ ვიცავთ თავს ამ შემთხვევაში. გამოდის მშობელს ეს დავალიანება შერჩა? - ამ ეტაპზე ჩვენ მშობელთან ერთად მივდივართ ნოტარიუსთან, აღიარებს ის ვალს და მეორე დღესვე გადადის მისთვის სასურველ ნებისმიერ სკოლაში. ახლა ასე გვაქვს დალაგებული ურთიერთობები, მაგრამ ახალმა ჩანაწერმა გააჩინა იმის საშიშროება, რომ მშობელი შესაძლოა აღარ გამოგვყვეს ნოტარიუსთან და უარი თქვას ვალის აღიარებაზე.
თუ რამე დავაგვიანეთ, საუბარია დასჯაზე, არდა წინა შეხვედრაზე ითქვა, რომ კერძო სკოლების ხელშეწყობა უნდა მოხდეს. ახლა კი ამბობთ, რომ ერთი დღით დაგვიანებაზე სკოლას ავტორიზაცია შეუწყდება. თუ რამე გადაცდომა მოუხდა სკოლას პირდაპირ მისი ავტორიზაციის გაუქმების საკითხი არ უნდა დგებოდეს“, - აღნიშნა ელზა ბადაშვილმა.
აღნიშნულ საკითხზე ელზა ბადაშვილს განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უპასუხა:
„ვინაიდან ჩვენ გავიგეთ, რომ არსებობს პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, კერძო სკოლები პრაქტიკულად მძევლად იტოვებენ მოსწავლის საბუთებს, ამიტომაც გავაკეთეთ ასეთი ჩანაწერი.
ჩვენ უნდა განვასხვავოთ სამოქალაქო და სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც დავალიანებას შეეხება და წყდება სხვადასხვა გზებით, მათ შორის სასამართლოს გზით და არის საჯარო სამართლებრივი ნაწილი, რაც ბავშვის სკოლაში რეგისტრაციას და მის საბუთებს, რომელიც კერძო სკოლაშია და ა.შ. გულისხმობს.
ყველა ბიზნეს აქვს რისკი და მისი შემცირება ხდება ხელშეკრულებით და სამართლებრივი ურთიერთობით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა და განმარტა, რომ აღნიშნული ჩანაწერით სკოლებს არ ერთმევათ ვალის აღიარების უფლება.
ამასთან, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ კერძო სკოლა ვალდებულია ფინანსური დავალიანების წარმოშობის შემთხვევაში, მოსწავლეს დაასრულებინოს მიმდინარე სასწავლო სემესტრი.
კერძო სკოლა ვალდებულია მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს დაუბრუნოს წინასწარ გადახდილი სწავლის საფასური 5 სამუშაო დღის ვადაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
კერძო სკოლა უფლებამოსილია ფინანსური დავალიანების მქონე მოსწავლეს შეუწყვიტოს მოსწავლის სტატუსი მიმდინარე სასწავლო სემესტრის დასრულების შემდგომ, მომდევნო სასწავლო სემესტრის დაწყებამდე გონივრულ ვადაში, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მოსწავლის შეუფერხებელი მობილობა, კანონმდებლობით დადგენილი წესით.