გიორგი ავალიანი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის, გელათის საჯარო სკოლის დირექტორი:
- დადებითად ვაფასებ ელექტრონული ჟურნალის სავალდებულოდ დანერგვას; ამ ეტაპზე ყოველკვირეულად შეგვაქვს მონაცემები, სამომავლოდ, ნორმალური იქნება, გახდეს სავალდებულო, თუ, რა თქმა უნდა, სკოლები შესაბამისი ტექნიკით აღიჭურვებიან. ისე, მოწესრიგებისა და გამართულად მუშაობის მხრივ, ძალიან მოსახერხებელი და მარტივია, ყველაფერი დაანგარიშებულია, პედაგოგებსაც უადვილდებათ მუშაობა და დახმარებასაც არ საჭიროებენ.
ინგა ცირეკიძე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის, ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი:
- ძალიან კარგია ელექტრონული ჟურნალი, მარტივი და კომფორტული, მუშაობაც გვიადვილდება, მაგრამ ამისთვის გვჭირდება, სკოლა ტექნიკურად გამართული იყოს; ზოგჯერ ინტერნეტი მოგვეწოდება დაბალი სიხშირით, კომპიუტერების სიმცირეცაა. თუ ტექნიკურად გამართული იქნება სკოლა, სამომავლოდ, მივესალმებით ელექტრონული ჟურნალის დანერგვას.
მაია სიდამონიძე-გამყრელიძე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის, მუკუზნის საჯარო სკოლის დირექტორი:
- თავიდან, როგორც ყველა სიახლისას, იყო გარკვეული შიში და პრობლემები, თუმცა მუშაობის პროცესში მოეწონათ პედაგოგებს, უკვე პრობლემა აღარ გვაქვს და ვმუშაობთ აქტიურად; ნებისმიერ სიახლესა თუ რაიმე ფუნქციის დამატებას, განვიხილავთ და ერთმანეთს ვუზიარებთ ცოდნასა თუ გამოცდილებას. უკმაყოფილოები არ ვართ, სიახლე უპრობლემოდ გავითავისეთ და მივესალმებით, სამომავლოდ დაინერგოს.
იური მრელაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის, ქვემო ალვანის საჯარო სკოლის დირექტორი:
- ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობდა ელექტრონული ჟურნალის წარმოება, იმ 400 სკოლას შორის ვიყავით, სადაც ეს პლატფორმა დაინერგა. ამ ეტაპზე, ეს ჩვენთვის სიახლე აღარაა და რა თქმა უნდა, პედაგოგებს არანაირი დახმარება არ სჭირდებათ - ადვილად აუღეს ალღო. ამჯერად, ცოტა ცხრილების გეგმა შეიცვალა და ამაზეც ადვილად გადავერთეთ; ნორმალურად ვმუშაობთ ელექტრონულ ჟურნალში და თუ რაიმე შეფერხებაა, ერთმანეთს ვეხმარებით. ერთადერთი რაც მინდა ვთქვა და ჩემი სუბიექტური აზრია, რომ გულის სიღრმეში, მატერიალური ჟურნალის გაუქმება არ გვინდა; გვპირდებიან, რომ დაცული იქნება ელექტრონული სისტემა და მონაცემები არ წაიშლება, მაგრამ დოკუმენტის არსებობა მაინც სასურველია.
მომავალი სასწავლო წლიდან რადგან უკვე სავალდებულო ხდება ელექტრონული ჟურნალის წარმოება, ყველანაირი მზაობა გვაქვს სკოლაში როგორც პედაგოგების ისე ტექნიკური თვალსაზრისით, თუმცა რამდენიმე კომპიუტერის დამატებას ვაპირებთ, რათა მასწავლებლებს მუშაობა გაუადვილდეთ.
ირმა უზნაძე, კასპის მუნიციპალიტეტის, იგოეთის საჯარო სკოლის დირექტორი:
- ელექტრონულ ჟურნალს სკოლაში უკვე ვაწარმოებთ და მასწავლებლები დახმარებას ნამდვილად არ საჭიროებენ, თუმცა მატერიალურზე ვიყავით მიჩვეულები. ელექტრონული რესურსი ცუდი ნამდვილად არ არის, უბრალოდ, ჩემი აზრით, ან ერთი უნდა იყოს, ან - მეორე; სჯობს, იყოს ელექტრონული ჟურნალი, მზად არიან ჩემი პედაგოგები და მარტივად ართმევენ თავს.