ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული ინიციატივის მიხედვით, შესაძლოა, უნივერსიტეტში ჩარიცხვისას, ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, სკოლის საშუალო ნიშანი, მასწავლებლების რეკომენდაციები თუ კლასგარეშე მუშაობა გაითვალისწინონ.
როგორ აფასებენ ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ ინიციატივას - აღნიშნული შეკითხვა etaloni.ge-მ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლების დირექტორებს დაუსვა:
ეკა ესიავა, აკადემიკოს ვარლამ თოფურიას სახელობის, აბაშის მუნიციპალიტეტის ონტოფოს საჯარო სკოლის დირექტორი:
- საშუალოდ ვაფასებ, ერთი მხრივ თუ შევხედავთ, არ მინდა, მოსწავლე გახდეს მხოლოდ ნიშანზე ორიენტირებული, რადგანაც ცოდნა ყველაზე აუცილებელია; მეორე კუთხით თუ შევაფასებთ, მაშინ შეიძლება, მოსწავლეს უფრო მეტი მოტივაცია გაუჩნდეს კარგად სწავლის სკოლაში.ასე რომ მოსაზრება ამასთან დაკავშირებით მაქვს საშუალო.
რევაზ კორძახია, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის, აბაშის მუნიციპალიტეტის, ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორი:
- ძალიან დიდი ნახტომია და დადებითად ვაფასებ ამ ყველაფერს; მოგეხსენებათ, სწავლა სკოლაშივე ინერგება, ბავშვს შეიძლება, ემოციურმა ფონმაც სძლიოს და ეროვნულ გამოცდებზე დაიბნეს, ამიტომ ვფიქრობ, კარგი მოსწავლის შედეგების გათვალისწინება აუცილებელია.
ეთერი ნადირაძე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, გოგაშენის საჯარო სკოლის დირექტორი:
- მე ძალიან მომწონს ეს ინიციატივა, რადგანაც ვფიქრობ, გაზრდის სკოლის მნიშვნელობას მოსწავლეებში.
მერაბ ჯიჯელავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის, ტალერის საჯარო სკოლის დირექტორი:
- მომწონს ეს ინიციატივა და თუ დაინერგება, ბავშვებს მეტი სტიმული გაუჩნდებათ, რათა კარგად ისწავლონ, სკოლის როლი გაიზრდება და ჩვენც ხომ სწორედ ეს გვინდა - ბავშვებს ავუმაღლოთ ცოდნა; ამიტომ ვფიქრობ, ეს ინიციატივა ძალიან კარგი იქნება მომავალში.
მიხეილ ნაჭყებია, მარტვილის მუნიციპალიტეტის, მეორე ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი:
- მივესალმები ამ ინიციატივას, რადგანაც არ მომწონს ფაქტი, რომ მოსწავლეს შეუძლია, მხოლოდ ის კონკრეტული საგანი აიღოს, რაც აინტერესებს; ახლა ზოგადი უნარებიც არ ბარდება, არადა, მიმაჩნია, რომ მათემატიკური აზროვნება არის მნიშვნელოვანი, ამ ინიციატივით კი, ვფიქრობ, მოსწავლეს უჩნდება მეტი სტიმული, ყველა საგანი წარჩინებით ისწავლოს. ყველა წამყვან სახელმწიფოში ორიენტირებულები არიან, ნიჭიერ მოსწავლეებს მისცენ მეტი სტიმული, ამიტომ ასევე ვფიქრობ, რომ წარჩინებულ სტუნდენტს, უნდა ჰქონდეს შანსი, მაგისტრატურაში უფასოდ ისწავლოს.