„მთავარი გამოცდილებაა და ვფიქრობ, მალე ავუღებთ ალღოს“ - რას ფიქრობენ დირექტორები ელექტრონული ჟურნალის წარმოების დანერგვაზე
06-04-2021

როგორ აფასებენ ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას; რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას ამ პროცესში - აღნიშნულ შეკითხვებზე etaloni.ge სკოლების დირექტორების მოსაზრებებს გთავაზობთ

ახმედ გაჯიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის, ულაშლოს საჯარო სკოლის დირექტორი:

- ჯერჯერობით, სკოლაში ორივე ჟურნალს ვიყენებთ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ელექტრონული ჟურნალის მოხმარებაში რთული არაფერია, თუმცა, მე თუ მკითხავთ, მატერიალურ ჟურნალს ვანიჭებ უპირატესობას.

ჰაიასტან მოვსესიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, გომანის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ვინაიდან ვარ თავისუფალი დირექტორი, არ ვასწავლი საგანს, ჩემს პედაგოგებს უწევთ ჟურნალის შევსება და ამჟამად ორივე რესურსს ვიყენებთ - ელექტრონულსაც და მატერიალურსაც, რაც მეტ დროს გვართმევს... უნდა ვაღიარო, თავიდან პედაგოგებს ცოტა გაუჭირდათ სიახლესთან შეგუება, რადგან შესავსები ველებისთვის ქართული კარგად არ იცოდნენ, მაგრამ ახლა ეს პრობლემა აღარ არის; უხარისხო ინტერნეტკავშირი კი ნამდვილად გვიშლის ხელს მუშაობაში.

დურსუნ ისმაილოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის, ლეჟბადინის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ჯერჯერობით სრულად არ გადავსულვართ ელექტრონული ჟურნალის წარმოებაზე, თუმცა ვფიქრობთ, რომ უფრო კომფორტული იქნება და ნაკლები დროც დასჭირდება მის შევსებას.

ვახიდ მეხტიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის, ილმაზლოს საჯარო სკოლის დირექტორი:

- ჯერჯერობით, სკოლაში ორივე რესურსი გვაქვს, სექტემბრიდან კი, როგორც ყველა სკოლა, ჩვენც გადავალთ მხოლოდ ელექტრონული ჟურნალის წარმოებაზე; მთავარი გამოცდილებაა და ვფიქრობ, მალე ავუღებთ ალღოს სიახლეს, რომელიც უდავოდ უფრო კომფორტულია, ვიდრე მატერიალური ჟურნალი.

ავთანდილ მამედოვი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის, ცურტავის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ძალიან მომწონს ელექტრონული ჟურენალი და სექტემბრიდან, ჩვენი სკოლა მთლიანად გადავა მის მოხმარებაზე; მომწონს ის, რომ ყველა პედაგოგი მუშაობს მუშაობს,შეჰყავთ მონაცემები, მოსწავლეების შეფასებები, დაგეგმილი აქტივობები... და რაც მთავარია, მშობელბიც აქტიურად არიან ჩართულები ამ პროცესში. ასე რომ, სექტემბრიდან სკოლებში ელექტრონული ჟურნალის დამკვიდრება კარგი იდეაა და ინიციატივას მივესალმები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203