ტიგრან სარუხანიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, დილითის საჯარო სკოლის დირექტორი:
- ელექტრონულ ჟურნალს, მატერიალურთან შედარებით ბევრი უპირატესობა აქვს, რაც მთავარია მშობლები ინფორმირებულები არიან, რა შეფასებები აქვთ მათ შვილებს. მართალია, თვიდან იყო სირთულეები და პედაგოგებსაც ცოტა გაუჭირდათ შეგუება, თუმცა ახლა ვმუშაობთ და მომავალი სასწავლო წლიდან სრულად გადავალთ ელექტრონული ჟურნალის გამოყენებაზე.
მუსა ომაროვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის, ალგეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:
- სკოლაში ელექტრონული ჟურნალი უკვე დავნერგეთ, ვიყენებთ, ვმუშაობთ, პედაგოგებმაც მალევე აუღეს ალღო ამ სიახლეს ისე, რომ არანაირი გართულება არ გვქონია და ძალიან მოგვწონს.
დილარა აბაზოვა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის, მუღანლოს საჯარო სკოლის დირექტორი:
- პედაგოგები ელექტრონულ რესურსს თვეებია იყენებენ... თავიდან ერთმანეთს ვასწავლიდით, გამოცდილებას ვუზიარებდით და გამოგიტყდებით - აზრთა სხვადასხვაობა იყო, მატერიალური ჟურნალი მეტად მოსწონდათ, მაგრამ ახლა ელექტრონულ რესურსს გადასარევად ვიყენებთ. ჯერჯერობით ორივე სახის ჟურნალი გვაქვს სკოლაში, თუმცა სექტემბრიდან საბოლოოდ დაინერგება ელექტრონული რესურსი და მშობლებიც უკეთ ჩაერთვებიან შვილების საგაკვეთილო პროცესში. სიახლეს მივესალმებით.
არაქელ სეირანიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, ორლოვკის საჯარო სკოლის დირექტორი:
- როდესაც ელექტრონული ჟურნალები შემოვიდა სკოლებში, თვიდან გარკვეულ სირთულეებს წავაწყდით, მაგრამ ახლა ყველა წინააღმდეგობა დაძლეულია; სხვათა შორის, იყო ტექნიკური ხარვეზები, თვითონ ჟურნალი გახლდათ გაუმართავი და იმედია, ახალი სასწავლო წლისთვის, როდესაც ელექტრონული რესურსი საბოლოოდ დაინერგება სკოლებში, ეს ხარვეზები გასწორდება. ელექტრონულ ჟურნალში მუშაობა კომფორტულია და ძალიან მოგვწონს.
შავარშ კუკურტჩიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, ჯიგრაშენის საჯარო სკოლის დირექტორი:
- ჩვენს სკოლაში ელექტრონული ჟურნალი უკვე დავნერგეთ და პედაგოგებიც წარმატებით მუშაობენ. სიახლეს მივესალმებით და მომხრე ვართ, სექტემბრიდან ელექტრონულმა რესურსმა მატერიალური ჟურნალი ჩაანაცვლოს.