ნანული მანჯგალაძე, სამტრედიის N11 საჯარო სკოლის დირექტორი:
- ელექტრონული ჟურნალის დანერგვას დადებითად ვაფასებ, მომწონს, რადგან ხელმისაწვდომია, როგორც პედაგოგის, ასევე მშობლისთვის - მშობელს შეუძლია, ყოველდღე ნახოს შვილის ყველა მონაცემი, პრეტენზიაც ნაკლები ექნებათ შეფასებასა თუ დასწრებასთან დაკავშირებით; ამ მხრივ, დამრიგებლის შრომა, გარკვეულწილად, შემსუბუქდება... თუმცა, ეს არ ნიშნავს პასუხისმგებლობის მოხსნას. დადებითია ასევე ის, რომ ელექტრონული ჟურნალის საშუალებით, მეტი კომუნიკაციაა მასწავლებელს, ბავშვსა და მშობელს შორის. ასევე გაადვილებულია ნიშნებისა თუ დასწრების სწორად დაანგარიშება.
ახლა უარყოფით მხარეს რაც შეეხება, ეს ძირითადად ტექნიკური საკითხია - სკოლაში ფაქტობრივად Wi-Fi არ მუშაობს, დაბალი სიხშირე აქვს ინტერნეტს, რაც აფერხებს სწრაფად მუშაობას; ასევე პრობლემაა კომპიუტერების სიმცირე - იმისთვის, რომ პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდეს აღრიცხვა ჟურნალში, საჭიროა კლასს ჰქონდეს ერთი კომპიუტერი მაინც. რა თქმა უნდა, კომპიუტერი მხოლოდ ჟურნალისთვის არ გამოიყენება და სხვა მხრივაც სჭირდებათ გაკვეთილების წარმართვისთვის პედაგოგებს. კიდევ ერთს ვისურვებდი, როგორც ადმინისტრატორმა ელექტრონულ ჟურნალში ვნახო ერთდროულად, მაგალითად, მთელი კვირის ნამუშევარი და არ მომიწიოს შესვლამ თითოეული მოსწავლის გვერდზე.
ნაზო ბორჩაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის, ჯოყოლოს საჯარო სკოლის დირექტორი:
- ელექტრონული ჟურნალის სავალდებულოდ დანერგვა კარგი იქნება, თუ ტექნიკურად ვიქნებით გამართული. მასწავლებლები მშვენივრად ახერხებენ მასში მუშაობას, დახმარებას არ საჭიროებენ, აქტიურად ვმუშაობთ და ყოველკვირეულად შეგვაქვს მონაცემები. მთავარია, იყო ტექნიკური გამართულობა, ინტერნეტი მოგვეწოდებოდეს კარგი სიხშირით და თვითონ პროგრამამ იმუშაოს შეუფერხებლად.
შალვა ფუტკარაძე, რომან ზოიძის სახელობის, მარნეულის მუნიციპალიტეტის, შულავერის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:
- ელექტრონული ჟურნალი ჯერ ჩვენთვის სიახლეა, ვმუშაობთ ამ საკითხზე და თავიდან შესაძლებელია ცოტა გვიჭირდეს, მაგრამ თითოეულ ნიუანსს განვიხილავთ პედაგოგებთან და საბოლოოდ ჩავერთვებით ჩვენც... რა თქმა უნდა, მივესალმები სამომავლოდ ელექტრონული ჟურნალის სავალდებულოდ დანერგვას.
ჯუმბერ ბორჯოდაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის, სიონის საჯარო სკოლის დირექტორი:
- უკვე ვმუშაობთ ელექტრონულ ჟურნალში, პედაგოგებიც ახერხებენ დამოუკიდებლად მუშაობას და მართალია, ცოტა დახმარება სჭირდებათ, ძალიან მოსწონთ და მივესალმებით, სავალდებულოდ დანერგვას. ერთადერთი, პრობლემას გვიქმნის ინტერნეტის დაბალი სიხშირე.
თამარ ზარნაძე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის, კურსების საჯარო სკოლის დირექტორი:
- ჩემს სკოლაში ელექტრონული ჟურნალის წარმოება ძალიან მაღალ დონეზე მიმდინარეობს, აქამდე იყო მცირე ხარვეზები, „ემისიდან“გამომდინარე, მაგრამ ეტაპობრივად გაიმართა და შესაძლებელია, ნებისმიერ დროს უპრობლემოდ იმუშაო. ნამდვილად კარგია, მისაღები და მისასალმებელი, რომ პედაგოგებს აღარ უწევთ იმდენი შრომა, რაც მატერიალურ ჟურნალს სჭირდება, თუმცა ამ ეტაპზე მატერიალურ ჟურნალსაც ვაწარმოებთ. ნელ-ნელა გადავალთ სრულად ელექტრონულზე და არანაირი უკმაყოფილება თუ პრეტენზია არ გამოუთქვამთ პედაგოგებს; პირიქით, ელექტრონული ჟურნალი გამჭვირვალეა პედაგოგის, მოსწავლისა და მშობლისთვის ყოჩაღ მათ, ვინც ამ პროგრამაზე იმუშავა.