კორონავირუსის დაფიქსირების გამო, 9 საჯარო სკოლა, აჭარაში სწავლების ონლაინ-რეჟიმზე გადავიდა. ეპიდემიოლოგებმა რისკები შეაფასეს და აღნიშნული სკოლების ადმინისტრაციას ონლაინ-სწავლებაზე გადასვლის რეკომენდაცია მისცეს. კორონავირუსი რეგიონის რამდენიმე საბავშვო ბაღშიც გამოვლინდა და ამჟამად სააღმზრდელო დაწესებულებები დაკეტილია.
ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე, ნონა ეფაძე ადასტურებს. მისი განცხადებით, კორონავირუსის გამო, აჭარაში 9 სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა, ასევე დახურულია რამდენიმე საბავშვო ბაღიც და ზოგადად, ბოლო კვირის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის შემთხვევები გაიზარდა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ მატება შეინიშნება, რაც საყურადღებოა. ეს ნიშნავს, რომ ვირუსი ცირკულირებს, ამიტომ, ვიდრე ფართოდ გავრცელების ფაქტი დაფიქსირდება, მოსახლეობას მოვუწოდებ, მაქსიმალურად დაიცვან რეკომენდაციები“, - აღნიშნა ნონა ეფაძემ.