თამილა მეგრელი, ცაგერის მუნიციპალიტეტის, ორხვის საჯარო სკოლის დირექტორი:
- ელექტრონული ჟურნალის დანერგვას, ზოგადად, მივესალმები და მომხრე ვარ, სავალდებულო იყოს, თუმცა პედაგოგებს გამოცდილება აკლიათ, გარკვეულ შეცდომებს უშვებენ შევსებისას და არცაა გასაკვირი - სიახლეა ყველასთვის და მეტ ყურადღებას მოითხოვს. თუმცა დარწმუნებული ვარ მალე ყველა ხარვეზი აღმოიფხვრება და სამომავლოდ, არ იქნება ცუდი ელექტრონული ჟურნალის სკოლებში დამკვიდრება.
მაია ქაჯაია, ხობის მუნიციპალიტეტის, ახალი ხიბულის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:
- ვემხრობი და მიმაჩნია, რომ აუცილებელიც კია ელექტრონული ჟურნალის წარმოება; პედაგოგებიც უკვე მშვენივრად ართმევენ თავს, აღარ უჭირთ მუშაობა, მშობელი კი, თავის მხრივ, ხედავს შვილის მიმდინარე შეფასებას; უმჯობესი იქნებოდა, შესაძლებელი ყოფილიყო პირველი სემესტრის მიმდინარე შეფასებების ნახვა, მაგრამ უკვე დანერგვის პროცესში, ალბათ ესეც თანდათან გამოსწორდება.
ლალი კაპანაძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის, ქვედა ბერეთისის საჯარო სკოლის დირექტორი:
- მოგვწონს ელექტრონულ ჟურნალში მუშაობა და ვემხრობით, სავალდებულო გახდეს სკოლებისთვის. პედაგოგებს რაც შეეხება, მართალია, თავიდან ცოტა გაუჭირდათ, მაგრამ უკვე ყველა მუშაობს და მიეჩვივნენ.