ელენე ინასარიძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის, წნისის საჯარო სკოლის დირექტორი:
- დადებითად ვაფასებ ელექტრონული ჟურნალის დანერგვას - საკმაოდ მარტივი და მოსახერხებელია პედაგოგებისთვის, მთავარია, ჩვენი სოფლის პირობებში, გვქონდეს გამართული ინტერნეტკავშირი და ამ ფაქტორმა არ შეგვიშალოს ხელი, სხვა შემთხვევაში კი პოზიტიურად ვართ განწყობილნი.
ანაიდა ნახაპეტიანი, ახალციხის მუნიციპალიტეტის, სხვილისის საჯარო სკოლის დირექტორი:
- ჩვენი მუნიციპალიტეტის სოფლებში არის რამოდენიმე სკოლა და მათ შორის ერთ-ერთი ჩვენი, სადაც ჯერჯერობით არ არის სავალდებულო ელექტრონული ჟურნალის წარმოება. თუმცა სიახლე უკვე დავნერგეთ და ორივე ჟურნალი გვაქვს, ოღონდ, მატერიალურს ვიყენებთ ყველა რეგულაციის დაცვითა და გათვალისწინებით; კარგი იქნება, ოფიციალურად, ერთ-ერთი დარჩეს პრაქტიკაში, ვინაიდან, ასე ვთქვათ მოუხერხებელია ორივეს ერთდროულად გამოყენება. უდავოდ, პოზიტიურად ვაფასებ მატერიალური ჟურნალის ელექტრონულით ჩანაცვლებას.
ბეგლარ არჯევანიძე, ქრისტინე ხარშილაძის სახელობის, საჩხერის მუნიციპალიტეტის, კორბოულის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:
- ერთ-ერთი ფაქტორი, რაც, სამწუხაროდ, ძალიან გვაბრკოლებს, არის ინტერნეტი, რომელიც სოფელში გაუმართავია, ხშირად ითიშება და თუ მოგვეწოდება, სიხშირის პრობლემაა... შესაბამისად, ეს გვიშლის ხელს ელექტრონული ჟურნალის წარმოებაში. რომ არა ეს ხარვეზი, ნამდვილად მოსახერხებელი იქნებოდა ელექტრონული ჟურნალის წარმოება.
მაკა ქავთარაძე, ასპინძის მუნიციპალიტეტის, ხერთვისის საჯარო სკოლის დირექტორი:
- დადებითად ვაფასებ ელექტრონული ჟურნალის დანერგვას სკოლებში, პედაგოგებმაც მარტივად შეისწავლეს წარმოება და მათთვის მოსახერხებელია ელექტრონული რესურსების გამოყენება. ვფიქრობ მშობლებისთვისაც ძალიან კარგია ეს წამოწყება, ვინაიდან მარტივად ადევნებენ თვალს შვილების ყოველდღიურ შეფასებას.