პედაგოგებს დისტანციური სწავლების ანაზღაურება ამ დრომდე არ მიუღიათ. არადა, როგორც კი ცნობილი გახდა, რომ სკოლებში დასწრებითი სწავლების განახლებასთან ერთად, მოსწავლეებს უფლება ჰქონდათ, დისტანციური რეჟიმი აერჩიათ, ისიც გარკვევით ითქვა, რომ პედაგოგებს, ვინც ონლაინ-გაკვეთილებს ჩაატარებდა, დამატებითი ანაზღაურება - საათში 7 ლარი დაერიცხებოდა, რაც საშემოსავლოსა და საპენსიოს დაქვითვით, ხელზე ასაღები 5 ლარზე ცოტა მეტი გამოდის.
თუმცა, როგორც ირკვევა, ონლაინისთვის დამატებითი თანხა მასწავლებლებს ჯერ არ დარიცხვიათ და განათლების სამინისტროსგან თავს მოტყუებულად მიიჩნევენ.
Etaloni.ge დაინტერესდა, ზოგადად აპირებენ თუ არა პედაგოგებისთვის დისტანციური გაკვეთილების ჩატარებისთვის თანხის დარიცხვას და როდის, რადგან ამ დაგვიანებებიდან ისე ჩანს, რომ მათ უბრალოდ, ატყუებენ.
განათლების სამინისტროს ცხელ ხაზზე გვიპასუხეს, რომ დისტანციური სწავლებისთვის დამატებით ანაზღაურებას მასწავლებლებს მიმდინარე კვირაში დაურიცხავენ, მაგრამ პრესსამსახურში ამ კითხვაზე განსხვავებული პასუხი აქვთ და აცხადებენ, რომ მომდევნო კვირის დასწყისში მასწავლებლები დისტანციური სწავლების საფასურს აუცილებლად მიიღებენ.
ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ და ონლაინ-გაკვეთილების ანაზღაურებას, მართლა მომდევნო კვირას დაურიცხავენ თუ არა მასწავლებლებს.