„სიახლეების დანერგვას მივესალმებით“ - რას ფიქრობენ დირექტორები ელექტრონული ჟურნალის წარმოების დანერგვაზე
08-04-2021

როგორ აფასებენ ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას; რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას ამ პროცესში - აღნიშნულ შეკითხვებზე etaloni.ge სკოლების დირექტორების მოსაზრებებს გთავაზობთ:

რამაზ ქამაშიძე,დავით მამულაძის სახელობის, ხულოს მუნიციპალიტეტის, ქვემო თხილვანის საჯარო სკოლის დირექტორი:

- კარგია და დადებითად ვაფასებ ელექტრონული ჟურნალის დანერგვას. მასწავლებლებმაც მარტივად აუღეს ალღო სიახლეს და ახლა უკვე დახმარებას აღარ საჭიროებენ. ასე რომ, ვემხრობით ელექტრონული რესურსის საბოლოოდ დანერგვას სკოლებში.

თემურ შაინიძე, აბესალომ აბაშიძის სახელობის, ხულოს მუნიციპალიტეტის, სხალთის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ელექტრონული ჟურნალი ჯერჯერობით ხარვეზით მუშაობს, არ გაძლევს საშუალებას, შეფასება გავაკეთოთ... ხან სერვერის ხარვეზია და შეცდომას წერს, თუმცა იმედია, ყველაფერი გამოსწორდება და ელექტრონული რესურსები გამართულად, ასეთ შემთხვევაში კი, რა თქმა უნდა, მის დანერგვას მივესალმებით. 

ანზორ თურაძე, შერიფ ხიმშიაშვილის სახელობის, ხულოს მუნიციპალიტეტის, მთისუბნის საჯარო სკოლის დირექტორი:

- დადებითად ვაფასებ ელექტრონული ჟურნალის დანერგვას; სიმართლე გითხრათ., დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რომელში გავატარებ ნიშანს; რომელი ჟურნალიც უფრო პრაქტიკული იქნება, ის სჯობს. პედაგოგები კი მარტივად ახერხებენ მუშაობს, რადგანაც ყველა სიახლესთან დაკავშირებით ტრენინგები ტარდება, მითითებებიც გვაქვს, გამოცდილებასაც ვუზიარებთ ერთმანეთსაც და სიახლეების დანერგვასაც მივესალმებით.

კარლო სუბელიანი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, დიდგორის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ჯერჯერობით, ბოლომდე არაა გამართული ელექტრონული ჟურნალი და ასევე არის დროის ფაქტორიც - მეტი დრო მიაქვს. მასწავლებლებმა კარგად აუღეს ალღო, მაგრამ გარკვეული ხარვეზები ახლავს ელექტრონული რესურსის წარმოებას და ეს ყველაფერი თუ არ გამოსწორდა, ძალიან დიდ დროს დაგვაკარგვინებს.

ნანა ბეღელაძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის, გოდოგანის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ელექტრონული ჟურნალის წარმოება მოსახერხებელია იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში იქნება ძლიერი ინტერნეტი. ჩვენთან, მაგალითად, ინტერნეტის პრობლემაა ხშირად. რამოდენიმეჯერ მოვიდნენ, შეგვიცვალეს ტექნიკა, მაგრამ ზოგჯერ სისტემაში შესვლა მაინც გვიჭირს და სახლიდან გვიწევს სამუშაოს შესრულება. სხვა მხრივ, განათლების სამინისტოს მიერ დანერგილ ყველა სიახლესა და ინიციატივას მივესალმებით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203