„მივესალმებით ყველა ახალ, საინტერესო და სასიკეთო წამოწყებას“ - რას ფიქრობენ დირექტორები ელექტრონული ჟურნალის წარმოების დანერგვაზე
08-04-2021
როგორ აფასებენ ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას; რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას ამ პროცესში - აღნიშნულ შეკითხვებზე etaloni.ge  სკოლების დირექტორების მოსაზრებებს გთავაზობთ:

ვენერა ჩიკვაიძე, თელავის მუნიციპალიტეტის, წინანდლის საჯარო სკოლის დირექტორი:

- პედაგოგები მარტივად ახერხებენ მუშაობას ელექტრონულ ჟურნალში... ნამდვილად არავის არ უჭირს, მაგრამ ის პრობლემა გვაქვს, რომ ჯერჯერობით, ორივე ჟურნალის წარმოება გვიწევს - მატერიალურისაც და ელექტრონულისაც, კარგი იქნება თუ დროულად დამტკიცდება და მხოლოდ ერთი მათგანი გახდება  სავალდებულო.

ნანა თვალიაშვილი, თელავის N9 საჯარო სკოლის დირექტორი:

- ელექტრონული ჟურნალის მიმართ დადებითად ვარ განწყობილი, ძალიან მომწონს და ვფიქრობ,  მშობლებისთვისაც ძალიან კარგი და მოსახერხებელია, მარტივად მიადევნონ თვალი თავიანთი შვილების ყოველდღიურ შეფასებას. თუმცა არის რაღაც პრობლემებიც, მაგალითად ხანდახან არ იხსნება, პროგრამა ჭედავს, ვფიქრობ, ბოლომდე არ არის კარგად დახვეწილი ტექნიკური კუთხით და იმედი მაქვს, ამ ყველა ხარვეზს სექტემბრამდე გამოასწორებენ.

ასევე მაქვს სურვილი - ყველა საკლასო ოთახში იყოს კომპიუტერი, რათა მომენტალურად, გაკვეთილის მსვლელობის დროს, შეძლოს პედაგოგმა ნიშნების შეყვანა, სხვა შემთხვევაში ძალიან წვალობენ, ინიშნავენ ნიშნებს და ხან სახლიდან შეჰყავთ მონაცემები, ხან, დღის ბოლოს, სკოლის კომპიუტერიდან. ვფიქრობ, ამ ახალ წამოწყებასთან ერთად, კარგი იქნება, ამ საკითხის მოგვარებაც.

ელზა გელაშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის, წახანის საჯარო სკოლის დირექტორი:

- პირველ რიგში, მივესალმებით ყველა ახალ, საინტერესო და სასიკეთო წამოწყებას. მიუხედავად იმისა, რომ მიჩვეულები ვართ მატერიალური ჟურნალის გამოყენებას (თითქოს უფრო გვიადვილდება), მაინც დადებითად ვაფასებთ ელექტრონული ჟურნალის წარმოების დანერგვას. კარგი იქნებოდა, სოფელში დენისა და ინტერნეტის გაუმართაობა ხელს არ გვიშლიდეს მის მარტივად გამოყენებაში.

სარხან ხუბანოვი, ​საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, მუღანლოს საჯარო სკოლის დირექტორი:

- დადებითად ვაფასებ ელექტრონული ჟურნალის წარმოების დანერგვას, ძალიან კარგად და მარტივად ავუღეთ ალღო  მეც და პედაგოგებმაც.

ნუგზარ მუმლაძე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ფონის საჯარო სკოლის დირექტორი:

- დადებითად ვაფასებ ელექტრონული რესურსის დანერგვას და არც მისი წარმოება გვიჭირს, ასე რომ, სიახლეს მივესალმებით და სექტემბრიდან, როგორც კი გადაწყდება, ჩვენც საბოლოოდ დავნერგავთ ელექტრონულ ჟურნალს სკოლაში. .

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203