რას ურჩევდით აბიტურიენტებს? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად? - ეროვნული გამოცდების წინა პერიოდში, აქტუალურ კითხვებს, Etaloni.ge-სთან სკოლების დირექტორები პასუხობენ
ლია ხაჩიძე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, კართუბნის საჯარო სკოლის დირექტორი:
- აბიტურიენტებმა უნდა აირჩიონ პროფესია იმის მიხედვით, თუ როგორ და რაში გამოადგებათ ცხოვრების ასპარეზზე. თავიანთი გადაწყვეტილება კარგად უნდა გაიაზრონ, რა თქმა უნდა, რჩევებიც მიიღონ პედაგოგებისა და მშობლებისგან, მაგრამ ვფიქრობ, პირველ რიგში, თავიანთ გულისთქმას უნდა მიყვნენ და განსაზღვრონ, რამდენად და როგორ იქნება მათთვის გამოსაყენებელი არჩეული პროფესია.
მაია კოშმატაშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის, ზინობიანის საჯარო სკოლის დირექტორი:
- მომავალი პროფესიის არჩევისას უნდა გაითვალისწინონ, პირველ რიგში, ალბათ ის, რაც ყველაზე მეტად უყვართ მთელ ქვეყანაზე - აუცილებლად, სიყვარულით აკეთონ თავიანთი საქმე. არა იმის მიხედვით, პრესტიჟულია თუ არა ესა თუ ის პროფესია, არამედ სიყვარულით უნდა აირჩიონ საქმე, რისი კეთებაც მთელი ცხოვრება მოუწევთ.
ემზარ ჩიჩუა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, ნიგოითის საჯარო სკოლის დირექტორი:
- პროფესიის არჩევისას აბიტურიენტებს ვუსურვებდი, პირველ რიგში, აირჩიონ პროფესია, რომელიც მოთხოვნადია ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან ბევრი პროფესიაა საქართველოში, რომლის კვალიფიციური, მცოდნე სპეციალისტები, ფაქტობრივად, არ გვყავს და ეს დიდი პრობლემაა. მიუხედავად ჩვენი პედაგოგებისა და მშობლების დიდი ჩართულობისა, მაინც ხდება ისე, რომ ახალგაზრდები ვერ აკეთებენ სწორ არჩევანს. ვფიქრობ, სწორება უნდა გაკეთდეს ისეთი პროფესიის არჩევაზე, რომელიც მოთხოვნადი და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის წინსვლა-განვითარებისათვის და ამ პროფესიის საფუძვლიანად დაუფლების შემდგომ თითოეული მათგანი გამოადგეს ჩვენს ძვირფას ქვეყანას.