ვის ექნება უმაღლეს სასწავლებელში ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხვის უფლება - კანონში ცვლილებები შედის
08-04-2021

საქართველოს მთავრობის ინიციატივით „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანა პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება. კანონპროექტის ავტორი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა.

პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ეკა დგებუაძემ განმარტა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სენსორული (სმენისა და მხედველობის) დარღვევის მქონე ბავშვთა სპეციალურ განათლების მიღების შესაძლებლობა არ აქვთ. რის გამოც ისინი სრული ზოგადი განათლების მისაღებად საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიან. რაც მათ არ აძლევს იმ შესაძლებლობების გამოყენებას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს აქვთ. აღნიშნული კანონის მიღების შემდგომ, კი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სსსმ მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხონ და შესაბამისი დაფინანსებაც მიიღონ.

დგებუაძემ აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სკოლებში ინკლუზიური განათლების მიმართულებით სერიოზული პრობლემებია და მასწავლებლებსაც არ აქვთ შესაბამისი ცოდნა და უნარები.

„რთულია სიტუაცია, როცა სმენაზე და მხედველობაზე ვსაუბრობთ, მათ კიდევ უფრო განსხვავებული მიდგომა სჭირდებათ. ისეთი შემთხვევა როგორიც არის დასწავლის უნარის დარღვევა, რომელიც დისლექსიით არის ცნობილი, ამ შემთხვევაში არ აქვს ცოდნა მასწავლებელს, რა სტრატეგიები უნდა გამოიყენოს და ასწავლოს. ამ მიმართულებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სკოლები სერიოზული გამოწვევის წინაშე არიან“, - განაცხადა ეკა დგებუაძემ.

სხდომაზე გამოითქვა მოსაზრება რომ სენსორული დარღვევის მქონე პირების მაგივრად კანონში ჩაიწეროს ზოგადად, შშმ და სსსმ პირები, რაზეც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძემ განაცხადა, რომ ეს საკითხი შესაძლებელია გახდეს მსჯელობის საგანი.

ამასთან, კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ პროექტის მომზადების აუცილებლობა გამოწვეულია, იმ გარემოებით, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით არ არის დარეგულირებული იმ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის წესი, რომლებიც ცხოვრობენ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და აღნიშნულ ტერიტორიებზე ინკლუზიური განათლების არ არსებობის გამო იძულებულნი არიან ზოგადი განათლება მიიღონ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედ სკოლებში, რომლებიც ახორციელებენ სენსორული (სმენისა და მხედველობის) დარღვევის მქონე ბავშვთა სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203