ნოშრევან ჯიშკარიანის სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის დირექტორი მანანა შავდია საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს, თუ როგორ აფასებს ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან და კლასგარეშე მუშაობა.
„სხვათაშორის, ძალიან მომწონს. ვიღაც ფიქრობს, რომ ეს არის უკან დაბრუნება, მაგრამ ეს ასე არ არის. ის, რომ მოსწავლლე ახლა ემზადება მარტო იმ საგანში, რაც სჭირდება, იქნება სხვანაირად, ის იქნება უფრო მოწადინებული, ორიენტირებული რომ ყველა საგანი კარგად იცოდეს, ჰქონდეს მაღალი დასწრება, კარგი ქულები. ჩვენც სწორედ ეს გვინდა, რომ სკოლას რაც შეიძლება მეტი კარგი მოსწავლე ჰყავდეს. ზოგი იმასაც ამბობს, რომ კორუფცია იქნება, მაგრამ ეს წარმოუდგენელია ჩემთვის, ჩვენ ხომ ის სიყვარული გვაძლებინებს სკოლაში, რასაც ბავშვების მიმართ ვგრძნობთ. არ ვიცი, როგორც გადაწყვეტენ, ისე იქნება, მაგრამ მე პირადად მივესალმები ამ ინიციატივას“, - აღნიშნავს დირექტორი.