„ეს მასწავლებლის შიდამონიტორინგის ინსტრუმენტიცაა“ - რას ფიქრობენ დირექტორები ელექტრონული ჟურნალის წარმოების დანერგვაზე
09-04-2021
როგორ აფასებენ ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას; რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას ამ პროცესში - აღნიშნულ შეკითხვებზე etaloni.ge სკოლების დირექტორების მოსაზრებებს გთავაზობთ:

ნატო ოდიშვილი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, ტოლის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ჩვენს სკოლაში ელექტრონული ჟურნალი უკვე დავნერგეთ და პედაგოგებიც მუშაობას ადვილად ახერხებენ. ყველას აქვს თავისი ელფოსტა და წვდომა ელექტრონულ რესურსზე. თუ რამე სიახლეა, ადვილად ვიგებთ ინსტრუქციების წყალობით, ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ და ბევრად კომფორტულია ელექტრონული ჟურნალის გამოყენება. ასე რომ, მივესალმებით სიახლეს.

ზეინაბ კაჭარავა, ხონის მუნიციპალიტეტის, სუხჩის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ვაწარმოებთ ელექტრონულ ჟურნალს, თუმცა გამოგიტყდებით, გარკვეული პრობლემები გვაქვს, რადგან ინტერნეტკავშირი გაუმართავია. რომ არა ეს წინააღმდეგობა, ნამდვილად კომფორტული იქნებოდა მისი წარმოება, რადგან აჯამებს ქულებს, კეთება ზოგადი შეფასება და რაც მთავარია, მშობელიც საქმის კურსშია, თუ რა აკადემიური მოსწრება აქვს ბავშვს. ჩვენი სკოლა, ზოგადად, მიესალმება ყველანაირ სიახლეს. 

ილარიონ ლაბაძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, რკვიის საჯარო სკოლის დირექტორი:

- შეუძლებელია, არ აღვნიშნო, რომ ელექტრონული ჟურნალის წარმოება ძალიან კომფორტულია, თუმცა უკეთესი იქნებოდა, ყველა მასწავლებელი უზრუნველყოფილი იყოს კომპიუტერული ტექნიკითა და ინტერნეტით - ასე ბევრად მარტივად შევძლებდით, ფეხი აგვეწყო თანამედროვე სიახლეებისა და გამოწვევებისთვის. ხშირად ინტერნეტი ითიშება და რომ არა ეს სისტემური გაუმართაობა, ბევრად გაგვიადვილდებოდა ელექტრონული რესურსების დანერგვა სკოლაში.. 

ემზარ ჯუმუშაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის, შუბნის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ნებისმიერი სიახლე, საწყის ეტაპზე, დაკავშირებულია სირთულეებთან, მაგრამ მასწავლებლებმა ალღო კარგად აუღეს და დღეს სისტემა ჩვენთან უკვე გამართულად მუშაობს. არიან ადამიანები, რომლებიც იოლად ითვისებენ კომპიუტერულ ტექნოლოგიებს და ერთმანეთთან კომუნიკაციით, გამოცდილების გაზიარებით მხარში დგომით, შევძელით პედაგოგიურ კოლექტივში დაგვენერგა ელექტრონული რესურსები ისე, რომ მალე მატერიალური ჟურნალის საჭიროება აღარ იქნება.

იმავდროულად, პედაგოგები ელექტრონულმა ჟურნალმა უფრო პუნქტუალურები და მოწესრიგებულები გაგვხადა. ყველა მონაცემს დროულად ავსხავთ, დაგეგმილად ვატარებთ შემაჯამებელ სამუშაოებს და არც აქტივობების გადატანა გვიწევს სხვა დღეებში.

ელექტრონული ჟურნალი მასწავლებლის შიდამონიტორინგის ინსტრუმენტიცაა, ბევრად მობილიზებული ხდება - იცის, თუ ყველაფერს დროულად და მოწესრიგებულად არ გააკეთებს, ეს აისახება მის კომპეტენციაზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203