განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე საზოგადოებას მიმართავს
11-04-2021

მივმართავთ საზოგადოებას თხოვნით, დაიცვან ყველა ის რეგულაცია და წესი იმისთვის, რომ თითოეულმა მოსწავლემ სასწავლო პროცესი დაასრულოს საკლასო ოთახში - განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ საზოგადოებას წესების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მას შემდეგ მოუწოდა, რაც სკოლებში კოვიდსტატისრტიკა მცირედით გაიზარდა.

„მოგეხსენებათ რამდენად მნიშვნელოვანია, ჩვენმა შვილებმა სასწავლო პროცესი გააგრძელონ საკლასო ოთახში. ამისთვის ყველა საჯარო სკოლა აღჭურვილია შესაბამისი რესურსით, იცავს რეგულაციებს, რომლებიც დადგენილია ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს მხრიდან. ასევე, მასწავლებელი იტარებენ სავალდებულო ტესტირებას. კიდევ ერთხელ მივმართავთ საზოგადოებას თხოვნით, დაიცვან ყველა ის რეგულაცია და წესი იმისთვის, რომ თითოეულმა მოსწავლემ სასწავლო პროცესი დაასრულოს სკოლაში“, - განაცხადა დგებუაძემ. 

სამინისტროს ცნობით, მიმდინარე კვირაში სკოლებში ინფიცირების მაჩვენებელი მცირედ გაზრდილია, თუმცა შიდა გავრცელება კვლავ არ ფიქსირდება.

კერძოდ, 5-დან 10 აპრილის ჩათვლით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,2%-ს და მოსწავლეთა 0,04%-ს დაუდასტურდა.

მშობელთა თხოვნით, ასევე, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 43 სკოლა და 174 ცალკეული კლასი იმყოფება.

ქვეყნის მასშტაბით გაიზარდა რისკჯგუფში მყოფი იმ მასწავლებლების რაოდენობა, რომელთაც დისტანციური სწავლების თხოვნით თავად მიმართეს და სკოლის მხრიდან შეღავათი გაეწიათ. ამ ეტაპზე დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 98 პედაგოგი იმყოფება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203