კორონავირუსის ფაქტების გამო დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა ბათუმის მე-2, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მე-5 და მე-6 საჯარო სკოლები. ორი კვირით დაიხურა ქობულეთის მე-6 საბავშვო ბაღიც.
გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის მე-2 საჯარო სკოლაში ერთი კლასის 9 მოსწავლეს დაუდასტურდა.
ამასთან, როგორც ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი მადონა გოგიტიძე ამბობს, სკოლებში კოვიდი მასწავლებელს და მოსწავლეებს დაუფიქსირდათ, რის გამოც სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
მე-5 საჯარო სკოლის დირექტორი, ნარგიზ ჯინჭარაძე ამბობს, რომ სკოლაში კოვიდი ერთ მასწავლებელს და მოსწავლეს დაუფიქსირდა. პედაგოგი ბათუმის კოვიდ მიმღებ კლინიკაში მკურნალობს, მოსწავლე მკურნალობის კურსს სახლში გადის.
რაც შეეხება, მე-6 საჯარო სკოლას. აქ კორონავირუსი მე-5 კლასის ერთ მოსწავლეს დაუდგინდა. როგორც სკოლის დირექტორი ნანა შამილიშვილი ამბობს, გასულ დღეებში კოვიდი სკოლის 2 პედაგოგსაც დაუდასტურდა.
რაც შეეხება ქობულეთის მე-6 საბავშვო ბაღს - კორონავირუსი 3 აღმზრდელს და ბაღის ხელმძღვანელს დაუდგინდა. ინფიცირების წყარო, სავარაუდოდ ერთ-ერთი აღსაზრდელია. შემთხვევების გამო ბაღი 2 კვირით დაიკეტა.
მხოლოდ ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის გამო ჯამში სულ 8-საჯარო სკოლაა დაკეტილი.