„ნაეკის“ მორიგი გაფრთხილება აბიტურიენტებს - რა უნდა იცოდნენ აპლიკანტებმა საგნების არჩევის შესახებ?
12-04-2021
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ საგნის წაშლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა რეგისტრაციის მეორე ეტაპზე - 15 აპრილის 18:00 საათამდეა შესაძლებელი.

საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა კი აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის, 18:00 საათზე შეწყდება. კონკრეტული თარიღი დაზუსტებისთანავე გამოქვეყნდება. აქვე, კიდევ ერთხელ გთავაზობთ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვისათვის აუცილებელი საგნების ჩამონათვალს.
 
2020 წლის მსგავსად საბაკალავრო პროგრამებზე ჩასარიცხად შემდეგი გამოცდები ბარდება:
 
1. ქართულ ენასა და ლიტერატურაში;
2. უცხოურ ენაში.
მესამე გამოცდა დამოკიდებულია პროგრამებზე: ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე - ისტორიას, ხოლო (პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე) სოციალური ან საზოგადოებრივი მეცნიერების არჩევისას, ისტორიას ან მათემატიკას აბარებენ.
 
ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე სავალდებულოა ოთხი გამოცდა:

1. ქართული ენა და ლიტერატურა;
2. უცხოური ენა;
3. ბიოლოგია;
4. მათემატიკა/ქიმია/ფიზიკა (აბიტურიენტი ირჩევს მინიმუმ ერთს). 
 
სახელოვნებო-შემოქმედებით/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად შემოქმედებით ტურთან ერთად აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს:

1. ქართული ენა და ლიტერატურა;
2. უცხოური ენა.

სტუდენტებისათვის გრანტი სამი საგნის შედეგის მიხედვით გაიცემა. სახელოვნებო-შემოქმედებით/სასპორტო პროგრამებზე დაფინანსების მოპოვებისათვის აბიტურიენტს შეუძლია კიდევ ერთი საგანი (ისტორია/მათემატიკა) ჩააბაროს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მცირე ნაწილმა რამდენიმე პროგრამაზე აირჩია მეოთხე საგანი. დეტალური ინფორმაცია მოცემულია 2021 წლის აბიტურიენტთა ცნობარში.
 
გაითვალისწინეთ, რომ თქვენ ვერ აირჩევთ პროგრამებს, თუ არ გექნებათ მითითებული რელევანტური საგნები და ვერ მიიღებთ მონაწილეობას ჩარიცხვების კონკურსში.
 
გაითვალისწინეთ, ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ შენახვის ღილაკი და დაიმახსოვროთ შესაბამისი ცვლილება. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203