„ელექტრონულმა ჟურნალმა დამრიგებლებსაც გაუმარტივა მუშაობა“ - რას ფიქრობენ დირექტორები ელექტრონული ჟურნალის წარმოების დანერგვაზე
14-04-2021
როგორ აფასებენ ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას; რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას ამ პროცესში - აღნიშნულ შეკითხვებზე etaloni.ge სკოლების დირექტორების მოსაზრებებს გთავაზობთ:

რეზო იაკობაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის, ღურტის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ჩვენთვის მისაღებია ეს ინიციატივა და უნდა გადავიდეთ ელექტრონული ჟურნალის წარმოებას. პედაგოგები ადვილად შეეჩვივნენ მის წარმოებას, გაუგებარი არაფერია და თუ რაიმე სიახლე ემატება, გამოცდილებას ერთმანეთს უზიარებენ. თავიდან საჭიროებდნენ დახმარებას, მაგრამ ახლა ეს საკითხი აღარ დგას.

ხარიტონ დუმბაძე, სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის, ხულოს მუნიციპალიტეტის, ბაკოს საჯარო სკოლის დირექტორი:

- ელექტრონულმა ჟურნალმა ძალიან კარგი შედეგი გამოიღო, მშობლებსაც ზუსტი ინფორმაცია აქვთ შვილების აკადემიური მოსწრების შესახებ, დამრიგებლებსაც გაუმარტივდათ მუშაობა...  პარალელურად, მატერიალურ ჟურნალსაც ვაწარმოებთ, მაგრამ ელექტრონული ჟურნალი, ვფიქრობთ, უფრო კომფორტულია.

ნარგიზ ხორგუანი, მესტიის მუნიციპალიტეტის, მაზერის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ელექტრონული ჟურნალის წარმოება კარგია, თუ ყველგან  იქნება გამართული ინტერნეტკავშირი. პედაგოგები  მიყვებიან ინსტრუქციებს, ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ და თუ დენისა და ინტერნეტის პრობლემა არ გვაქვს,  მუშაობენ.   

ხათუნა ფიფია,  აკადემიკოს ვიქტორ გუჩუას სახელობის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

- დადებითად შევაფასებ ამ ინიციატივას და ვფიქრობ, მისი წარმოება განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენს. ინტერნეტი ყველას აქვს ტელეფონში და ძირითადად, ასე მუშაობენ.  სკოლაში გვაქვს კომპიუტერები, მაგრამ იმდენი არა, რომ 25-მა პედაგოგმა იმუშაოს, ამიტომ ტელეფონი უფრო მოსახერხებელია მათთვის. ჩემი აზრით, მატერიალური ჟურნალი არ უნდა ჩაანაცვლოს ელექტრონულმა რესურსმა - ორივე უნდა იყოს და საჭიროებისამებრ გამოვიყენოთ.

მადონა ჭკადუა, მესტიის მუნიციპალიტეტის, ყარ-სგურიშის საჯარო სკოლის დირექტორი:

- გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთან ცუდი ინტერნეტკავშირია, მირჩევნია, ორივე სახის ჟურნალი იყოს - მატერიალურიც და ელექტრონულიც. თუ ერთში ვერ მოხერხდება მუშაობა, მეორეში ვიმუშავებთ. მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირ სიახლეს მივესალმები, ჩვენი პირობებიდან გამომდინარე, ძალიან რთულია ელექტრონული რესურსების გამოყენება. ბევრ პრობლემას ვაწყდებით - ხან ნიშანი ვერ შეგვაქვს, ხან შემაჯამებელი, ასეთ პირობებში კი ორივე სახის ჟურნალი გვჭირდება გვჭირდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203