„მოსწავლე ირიცხება საგნის ცოდნით და არა - რეკომენდაციით“ - ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ ინიციატივას დირექტორები აფასებენ
14-04-2021

ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული ინიციატივის მიხედვით, შესაძლოა, უნივერსიტეტში ჩარიცხვისას, ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, სკოლის საშუალო ნიშანი, მასწავლებლების რეკომენდაციები თუ კლასგარეშე მუშაობა გაითვალისწინონ.

როგორ აფასებენ ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ ინიციატივას - აღნიშნული შეკითხვა etaloni.ge-მ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლების დირექტორებს დაუსვა:

თემურ შაინიძე, აბესალომ აბაშიძის სახელობის, ხულოს მუნიციპალიტეტის, სხალთის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუ სკოლის შეფასება  რაღაც დონით განსაზღვრავს ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტის ჩარიცხვის საკითხს. ამით სკოლის პრესტიჟი და ავტორიტეტიც აიწევს 

ანზორ თურაძე, შერიფ ხიმშიაშვილის სახელობის, ხულოს მუნიციპალიტეტის, მთისუბნის საჯარო სკოლის დირექტორი:

- მოსწავლეები ინდივიდუალურად ემზადებიან გამოცდებისთვის, ასე რომ, მასწავლებლის რეკომენდაცია, ჩემი აზრით, არ უნდა იყოს გადამწყვეტი, შეიძლება სუბიექტური აღმოჩნდეს. მოსწავლე ირიცხება საგნის ცოდნით და არა - რეკომენდაციით.

კარლო სუბელიანი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, დიდგორის საჯარო სკოლის დირექტორი:

- რა თქმა უნდა, კარგი იქნება სკოლის ნიშნის გათვალისწინება, რადგან სკოლის პრესტიჟი რამდენადმე ამაღლდება და უფრო მეტი ყურადღება მიექცევა საგანმანათლებლო დაწესებულებას. 

ნანა ბეღელაძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის, გოდოგანის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ეს საკითხი დასახვეწია, ჯერ აუცილებლად უნდა გამოიცადოს. არ არის მარტივი, სკოლებს ძალიან დიდი ვალდებულება დაეკისრებათ, დიდი პასუხისმგებლობა. ერთის მხრივ, ეს ურთიერთკავშირი, ვფიქრობ, საინტერესო იქნება და ბავშვები მეტად დაინტერესდებიან სწავლით, მაგრამ მეორეს მხრივ, ასე, უცებ გადასაწყვეტი საკითხი არ გახლავთ.

ჯემალ გამრეკელიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის, უჩამბის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ეროვნულ გამოცდებში სკოლის ნიშნის გათვალისწინებას რაც შეეხება, ალბათ მომავალში მეტი დეტალი გახდება ცნობილი და უკეთ შევძლებთ საკითხის გაშლას, ისე კი, ყველანაირ სიახლეს მივესალმებით.

დარიკო გორდულაძე, ვეფხია ჯიშკარიანის სახელობის, ხონის მუნიციპალიტეტის, საწულუკიძეოს საჯარო სკოლის დირექტორი:

-ძალიან კარგი იქნება, თუ სკოლის ნიშანსაც გაითვალისწინებენ ეროვნულ გამოცდებზე. ასე ბავშვი მეტად ორიენტირებული იქნება სასკოლო განათლებაზე.  თუმცა მიმაჩნია, რომ თუ ბავშვი მონდომებულია, სკოლაშიც კარგად ისწავლის და უნივერსიტეტშიც. ეროვნულმა გამოცდებმა ძალიან გაამართლა - ობიექტური და გამჭვირვალეა. მივესალმები ყველა სიახლეს და ესეც თუ დაინერგება, არ იქნება ცუდი.

ნატო ოდიშვილი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, ტოლის საჯარო სკოლის დირექტორი:

- რა თქმა უნდა, დადებითი აზრის ვარ, ატესტატი უნდა იყოს გათვალისწინებული, რადგან სკოლაში სწავლების მოტივაციაც გაიზრდება. ბავშვები ორიენტირებულნი არიან რეპეტიტორებთან მომზადებაზე და სკოლას ნაკლებად უთმობენ დროს. ჩვენი საბაზო სკოლაა, თითო-ოროლა ბავშვი გვყავს და ადვილად შეგვიძლია, მივაწოდოთ საჭირო მასალა. რეპეტიტორის ინსტიტუტმა ჩააგდო სასკოლო განათლება, დრო, როცა ბავშვი უნდა მეცადინეობდეს, ბავშვი გადართულია რეპეტიტორთან მომზადებაზე და დროს არასწორად ანაწილებენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203