ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული ინიციატივის მიხედვით, შესაძლოა, უნივერსიტეტში ჩარიცხვისას, ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, სკოლის საშუალო ნიშანი, მასწავლებლების რეკომენდაციები თუ კლასგარეშე მუშაობა გაითვალისწინონ.
როგორ აფასებენ ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ ინიციატივას - აღნიშნული შეკითხვა etaloni.ge-მ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლების დირექტორებს დაუსვა:
ილარიონ ლაბაძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, რკვიის საჯარო სკოლის დირექტორი:
- მგონი, მისაღები იქნება სკოლის რეკომენდაციის გათვალისწინება. არის ოჯახები, რომელთაც არ აქვთ საშუალება, გადაიხადონ სწავლის გადასახადი - მოსწავლეები გავიდნენ ეროვნულ გამოცდებზე, მაგრამ ვერ გააგრძელეს სწავლა ფინანსური პრობლემის გამო. თუ სკოლის ნიშანი და რეკომენდაცია ასწევს მათ ქულას ისე, რომ მიიღონ დაფინანსება, ამ ინიციატივას მივესალმები.
შინო მოსიძე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, მიქავას თემის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:
- დიდი ხანია, ნიშანი ატესტატში არ ჩანს და რა ფორმით გაითვალისწინებენ სკოლის ნიშნებს ეროვნულ გამოცდებზე? - თუმცა, თუ სკოლის შეფასებას მნიშვნელობა მიენიჭება, დადებითად შევაფასებ - მეტი მოტივაცია ექნებათ მოსწავლეებს, რათა მაღალი შეფასება მიიღონ.
კახა გიორხელიძე, ხონის მუნიციპალიტეტის, ძეძილეთის საჯარო სკოლის დირექტორი:
- კარგი იდეაა... თუ მოსწავლე კარგად სწავლობს, მეტი მოტივაცია ექნება, რადგან ცოდნა ეროვნულ გამოცდებზეც გამოადგება.
შორენა ქურასბედიანი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, გოლთეთის საჯარო სკოლის დირექტორი:
- ეს ინიციატივა ძალიან კარგი და სასარგებლოა მოტივაციისთვისაც და სკოლის პრესტიჟის ამაღლებისთვისაც. ისეთი მდგომარეობაა, რეპეტიტორებთან დადიან ბავშვები და რაც სკოლაში უნდა ისწავლონ, არ სწავლობენ. მოსწავლე ფიქრობს- მაინც რეპეტიტორთან წავალ და ის მომამზადებს. ამიტომ ზედა კლასებში შედარებით, მოდუნებული სწავლებაა და ძალიან კარგი იქნება, თუ სკოლის ნიშანი საჭირო გახდება სადმე - ეს გაზრდის სწავლის ხარისხს.
რეზო იაკობაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის, ღურტის საჯარო სკოლის დირექტორი:
- ძალიან კარგი იქნება, ამ სისტემაზე თუ გადავალთ, სკოლასაც ექნება საშუალება, შეფასება გააკეთოს თავისი მოსწავლის და კარგი იქნება, თუ ამ შეფასებას გაითვალისწინებენ.
ხარიტონ დუმბაძე, სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის, ბაკოს საჯარო სკოლის დირექტორი:
- ბავშვებმა სკოლაში სწავლის მოტივაცია დაკარგეს, თუმცა ვფიქრობ, თუ სკოლის ნიშანი გახდება საჭირო, შეფასება ობიექტური შეიძლება აღარ იყოს... ამიტომ ეროვნული გამოცდის ნიშნით უნდა მოხდეს უნივერსიტეტში ჩარიცხვა.
ნარგიზ ხორგუანი, მესტიის მუნიციპალიტეტის, მაზერის საჯარო სკოლის დირექტორი:
- ინიციატივას დადებითად ვაფასებ, რადგან 10-12 წელი ბავშვი სკოლაში რომ დადის, პედაგოგი მას კარგად იცნობს და დახასიათება ბევრს უნდა ნიშნავდეს. შეფასებაც ობიექტური იქნება და სკოლის განათლებასაც მეტი მნიშვნელობა მიენიჭება.