მურთაზ კუხალაშვილი, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კინჩხის საჯარო სკოლის დირექტორი:
- დადებითად ვაფასებ და მივესალმები ელექტრონული ჟურნალის დანერგვის ინიციატივას. მართალია, პედაგოგები ხანდახან დახმარებას საჭიროებენ, მაგრამ ერთმანეთს გამოცდილებას ვიზიარებთ, მაქსიმალურად ვუდგავართ მხარში და სიახლეებსაც მარტივად ვუწყობთ ფეხს. ერთადერთი, პრობლემას ქმნის უხარისხო ინტერნეტკავშირი და თუ ესეც გამოსწორდება, რა თქმა უდნა, სკოლაში ელექტრონული რესურსების დამკვიდრებას მივესალმები.
მანანა გოგიტიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის, ქიძინიძეების საჯარო სკოლის დირექტორი:
- ელექტრონული ჟურნალის წარმოებისას ხანდახან პრობლემები გვექმნება, რადგან ჩვენი მაღალმთიანი რეგიონია. ხანდახან ინტერნეტის პრობლემა გვაქვს. წელს მატერიალურ ჟურნალსაც ვაწარმოებთ და საჭიროებისამებრ ვანაცვლებთ და როდესაც ელექტრონული ჟურნალი საბოლოოდ დაინერგება, ინტერნეტის გაუმართაობის გამო, მასში მუშაობა გაგვიჭირდება. სხვა მხრივ, პედაგოგები ეხმარებიან ერთმანეთს, გამოცდილებას უზიარებენ და ადვილად აუწყეს ფეხი სიახლეს.
ხათუნა სამუშია, თემურ ფიფიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ჯვარის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:
- დადებითად ვაფასებ ამ ინიციატივას, რადგან ელექტრონული ჟურნალი გვიადვილებს მუშაობას, გვყავს ისტ-ის საკმაოდ კარგი მასწავლებელი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციას უწევს პედაგოგებს.ნამდვილად არ შეგვქმნია პრობლემა ელექტრონული ჟურნალის წარმოებისას -დაჯამება იქნება თუ განმავითარებელი შეფასებები... ელექტრონული ჟურნალი ბევრად გვიადვილებს საქმეს, დაზღვეულები ვართ შეცდომებისგან და მისი გამოყენება კომფორტულია.
ვლადიმერ შენგელია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ნაკიფუს თემის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:
- ვფიქრობ, კარგი იდეაა ელექტრონული ჟურნალის დანერგვა და უკვე შევეჩვიეთ; თავიდან, ცოტა ხარვეზი იყო, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ელექტრონული რესურსების გამოყენება მარტივი და მოსახერხებელია. პედაგოგებმაც მალევე აუღეს ალღო და მისი წარმოებისთვის კომპიუტერსაც იყენებენ და ტელეფონსაც.
მანანა მიქავა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, მედანის თემის საჯარო სკოლის დირექტორი:
- დადებითად ვაფასებ ელექტრონული ჟურნალის დანერგვის ინიციატივას, იმიტომ, რომ მშობლებს საშუალება აქვთ, ყოველდღიურად ნახონ შვილების ნიშნები თუ წარმატებები, მათი სასკოლო ცხოვრება. თავიდან დაგვეხმარა ისტ-ის პედაგოგი, რომელმაც ტრენინგები გაიარა და შემდეგ გამოცდილება გაუზიარა კოლეგებს.