„არ არის შემუშავებული მასწავლებელთა გადამზადების ეტაპობრივი და თანმიმდევრული გეგმა“ - რა ნაკლოვანებები გამოავლინა აუდიტის სამსახურმა
„არ არის შემუშავებული მასწავლებელთა გადამზადების ეტაპობრივი და თანმიმდევრული გეგმა“ - აღნიშნულის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების 2017-2019 წლების აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეფექტიანობის აუდიტი, რომელმაც მოიცვა სქემით გათვალისწინებული მასწავლებლის კვალიფიკაციის ამაღლებისა და კარიერული წინსვლისთვის განხორციელებული ღონისძიებების პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის საკითხები.
როგორც დოკუმენტში წერია, აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ნაკლოვანებები:
- მასწავლებლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი მინიმალური საგამოცდო ბარიერი − 30%, მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა საერთაშორისო პრაქტიკას, რომლის მიხედვით, ეს მაჩვენებელი საშუალოდ 70%-ია. 2017-2019 წლებში გამოცდაზე საგნობრივი მიმართულებით მინიმალური შედეგი აჩვენა მასწავლებლების საშუალოდ 25%-მა, ხოლო პროფესიული უნარების მიმართულებით − 27%-მა. სქემით განსაზღვრული მაქსიმალური შედეგი კი (60% და უფრო მაღალი), ერთდროულად როგორც საგნობრივი, ასევე პროფესიული უნარების გამოცდაში, მასწავლებლების მხოლოდ 1,5%-მა დააფიქსირა. 2020 წლიდან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი საგნობრივი გამოცდის შემთხვევაში გაიზარდა 50%-მდე.
- სქემის ფარგლებში, 2020 წლიდან პროფესიული უნარების დამადასტურებელ გამოცდაში გადასალახი მინიმალური ზღვარი არ არის განსაზღვრული. ამასთანავე, მიუხედავად მასწავლებლების მიერ გამოცდაზე მიღებული დაბალი შედეგებისა, იზრდება იმ მასწავლებლების რიცხვი, რომლებმაც მომდევნო კარიერულ საფეხურზე გადაინაცვლეს.
- 2020 წლიდან უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის განისაზღვრა ტრენინგების გასავლელად სავალდებულო საათების რაოდენობა, თუმცა არ არის იდენტიფიცირებული დარგებისა და კარიერული საფეხურების მიხედვით სავალდებულო და არჩევითი ტრენინგმოდულები, ასევე არ არის შემუშავებული მასწავლებელთა გადამზადების ეტაპობრივი და თანმიმდევრული გეგმა. 2017-2019 წლებში ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეობა არ ჰქონდა მიღებული მასწავლებლების 1/3-ს. არსებული რესურსის პირობებში შესაძლებელი იყო ხუთი წლის განმავლობაში ორი პრიორიტეტული მიმართულებით მასწავლებელთა სრული კონტინგენტის გადამზადება, რაც ხელს შეუწყობდა ფინანსური რესურსის პროდუქტიულ ხარჯვას.
- სქემით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად არ არის შემუშავებული სისტემატიზებული დოკუმენტი, რომლის ფარგლებშიც დეტალურად გაიწერებოდა კონკრეტული ღონისძიებები, მისაღწევი შედეგები, ვადები და საჭირო რესურსები. არსებული ინდიკატორები სრულად ვერ უზრუნველყოფს დასახული მიზნების შესრულების შეფასებას.
- საპენსიო ასაკს მიღწეულ მასწავლებლებს, რომლებმაც 2019 წელს ვერ გადაინაცვლეს მომდევნო კარიერულ საფეხურზე შესაბამისი აქტივობების განხორციელების გზით და უნდა შეეწყვიტათ პედაგოგიური საქმიანობა, მთავრობის დადგენილებით, მიეცათ საშუალება მიეღოთ სახელმწიფო ფულადი ჯილდო სისტემიდან გასვლის სანაცვლოდ. ამ მიზნით, 2019-2020 სასწავლო წლებში, სამინისტრომ გახარჯა 75.5 მლნ ლარი. ორწლიანი ვადის გასვლის შემდეგ, ზემოხსენებულ მასწავლებლებს კვლავ აქვთ შესაძლებლობა განაგრძონ პედაგოგიური საქმიანობა დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში. სამინისტროს და ცენტრს არ აქვთ შემუშავებული სამოქმედო გეგმა სისტემიდან გასული მასწავლებლების ახალი კვალიფიციური კადრებით ჩასანაცვლებლად, რაც არსებული მექანიზმების პირობებში ზრდის პროცესის არაეფექტიანად წარმართვის რისკებს.
- აუდიტის პერიოდში ცენტრის მიერ სათანადოდ არ იყო შესწავლილი და შეფასებული პროფესიული განვითარების მიზნით მასწავლებელთა მხრიდან განხორციელებული აქტივობების შესრულების შედეგები. მოცემულ პერიოდში მასწავლებლების უმრავლესობა ვერ ასრულებდა სქემით განსაზღვრულ როგორც სავალდებულო, ასევე დამატებითი სამუშაოების 40%-ს.
„გამოვლენილ გარემოებებსა და ნაკლოვანებებზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასცა შესაბამისი რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესება“,- აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.