ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტებმა შიმშილობა დაიწყეს და რექტორის, დავით გურგენიძის გადადგომას მოითხოვენ.
როგორც პროტესტის მონაწილე სტუდენტები ამბობენ, დავით გურგენიძე თაღლითობის ბრალდებით არაერთხელ არის ნასამართლევი და მისი წარსულიდან გამომდინარე, რექტორის პოსტს არ უნდა იკავებდეს.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ გადადგეს დავით გურგენიძე დაკავებული თანამდებობიდან. მიზეზი ისაა, რომ ადამიანს, რომელიც არაერთხელ მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევია, არანაირი მორალური უფლება არ აქვს იყოს უნივერსიტეტის რექტორი. ადამიანი, რომელიც არის ნასამართლევი თაღლითობის, გატაცების ბრალდებით და კიდევ სხვა მრავალი ბრალდებაა, არანაირი უფლება არ აქვს ამ თანამდებობას იკავებდეს. მივმართეთ პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილს და ვიშიმშილებთ ვიდრე ეს ადამიანი არ დატოვებს თანამდებობას“, - განაცხადა ლუკა თევზაძემ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი სტუდენტებს პასუხობს და ამბობს, რომ ყველა მისი ნასამართლეობა გაქარწყლებულია.
„ყველა ნასამართლეობა არის გაქარწყლებული. საქართველოს გენერალური პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება ჩემი ოჯახის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შესახებ 2007-2009 წლებში. ამის დოკუმენტური მასალა არსებობს, არსებობს ასევე სასამართლო გადაწყვეტილება და რამდენიმე მუხლში გამართლებული ვართ მე, ჩემი პარტნიორი და ჩემი ოჯახის წევრები“ - ამბობს დავით გურგენიძე.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, თამარ ლომინაძე ამბობს, რომ დავით გურგენიძის ნასამართლეობა იყო გაქარწყლებული იმ დროს, როდესაც მან რექტორის პოზიციაზე კენჭი იყარა.