„ონლაინსწავლებით გამოწვეული აკადემიური ჩამორჩენილობა ძალზე რთული პრობლემაა“- გიორგი გაგნიძე, ჭვინთის საჯარო სკოლის დირექტორი
21-04-2021
თანამედროვე მიდგომები და არსებული რეალობა სკოლებს სხვადასხვა მოთხოვნებს უყენებს. შესაბამისად, თითოეული საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, ფეხი აუწყოს მათ. სოციალური მუშაკების სკოლებში ინტეგრირება, სამედიცინო კაბინეტების აუცილებლობა და რაც მთავარია, მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართვა საგაკვეთილო პროცესში - თითოეული სკოლის ხელმძღვანელის ამოცანაა და ამ საკითხებზე მათი შეხედულებაც საინტერესოა. ამჯერად, Etaloni.ge ახალციხის მუნიციაპლიტეტის, ჭვინთის საჯარო სკოლის დირექტორის - გიორგი გაგნიძის მოსაზრებებს გთავაზობთ:

- თქვენი აზრით რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება?

- სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება - არ მესმის, რას ნიშნავს ეს ფრაზა. თუ განათლების სისტემაში შეიქმნება სპეციალური სოციალური სამსახური, ხომ არ იქნება ის არსებული სოციალური სამსახურის დუბლიორი? როგორც ვხვდები, ამ სამსახურის მუშაკებმა უნდა გაარკვიონ მოსწავლის სასკოლო სივრციდან დისტანცირების სოციალური მიზეზები, რომლებიც სკოლისგან დამოუკიდებლად, ობიექტურად არსებობენ. ამ შემთხვევაში  სკოლის როლი სოციალური მუშაკის ინფორმირებაში გამოიხატება. რა შუაშია სოციალური მუშაკის ინტეგრირება სასკოლო ცხოვრებაში? საკითხავია. რა შესაძლებლობები ექნებათ ამ მიზეზების აღმოსაფხვრელად?

- რას ფიქრობთ სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და რამდენად მზად არის თქვენი სკოლა, შექმნას სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობები?

- ჩემი აზრით, ეს გადაუდებლად გადასაჭრელი პრობლემაა. დღევანდელმა პანდემიურმა ვითარებამ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა პრობლემის აქტუალურობა.
სამწუხაროდ, ჩვენს მცირეკონტიგენტიან სკოლას არ აქვს სამედიცინო კაბინეტი და სკოლის შენობაში მისი მოწყობის საშუალებაც არ არსებობს, თუმცა გვაქვს სკოლის ეზო, სადაც ძირითადი შენობის გვერდით შესაძლებელია საკაბინეტე სივრცის აშენება.

- რას ფიქრობთ ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც, სკოლა ვალდებულია, მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს, თუ ის 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ გამოცხადდება სკოლაში ან არ მონაწილეობს დისტანციურ სწავლებაში და არ იღებს შეფასებას? თქვენი აზრით, რას შეცვლის ეს სასკოლო ცხოვრებაში?

- ვფიქრობ კარგი გადაწყვეტილებაა, ეს გაზრდის როგორც მოსწავლის, ისე მშობლის პასუხისმგებლობას.

- თქვენი აზრით, როგორ უნდა დაძლიოს განათლების სისტემამ და სკოლებმა აკადემიური ჩამორჩენა, რომელიც გააჩინა ონლაინსწავლებამ და მასში მოსწავლეთა არათანაბარმა ჩართულობამ?

- ონლაინსწავლებით გამოწვეული აკადემიური ჩამორჩენილობა ძალზე რთული პრობლემაა. მისი გადაჭრა რაიმე ადმინისტრაციული ზემოქმედებით შეუძლებლად მიმაჩნია. ვფიქრობ ყველაფერი საგნის მასწავლებელზეა დამოკიდებული. მხოლოდ მან იცის ჩამორჩენის მასშტაბი და თვითონვე უნდა შეძლოს აღმოფხვრის გზების გამოძებნა დამატებითი გაკვეთილების, ინდივიდუალური მუშაობისა თუ სხვა მეთოდების გამოყენებით. მეორე საკითხია და ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი, მასწავლებლის მოტივაცია. რატომ უნდა გასწიოს საკმაოდ დიდი ზედმეტი შრომა. ეს ნამდვილად არის მსჯელობის საგანი (ალბათ ზოგიერთები დაიწყებენ მტკიცებას, რომ მასწავლებელი ვალდებულია, იზრუნოს მოსწავლის წარმატებაზე, რომ ეს მისი პროფესიის ნაწილია და ა.შ. მე მიმაჩნია, რომ ეს იდეალისტური და არა საგნობრივი მსჯელობაა, რაც შედეგამდე ვერ მიგვიყვანს).

- ცნობილია, რომ მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი ძალაში წელს შევა, რომელშიც მასწავლებელთა სახლის მიხედვით, გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა დირექტორის, მასწავლებლის და ექსპერტის აზრი. თქვენ რა ხარვეზს ხედავდით წინა სქემებში და რა მოსაზრებ(ებ)ის ასახვას ისურვებდით ახალში?

- ეს ცალკე მსჯელობის საგანია. ერთის თქმა კი შემიძლია: თუ გვინდა, რომ ამ წესმა ნამდვილად იმუშაოს და მისი შედეგები დადებითად აისახოს სწავლების ხარისხზე, სავსებით უნდა გათავისუფლდეს იმ საშინელი ბიუროკრატიული შემადგენლისაგან, რასაც უამრავი, არაფრის მომცემი ქაღალდის, საბუთის,  აქტივობის მოთხოვნა ერქვა ძველ სქემაში. როცა მასწავლებელს აღარ ეცალა გაკვეთილისთვის და ქაღალდომანიით იყო დაკავებული.





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203