„მივესალმები, რომ ახალი ცვლილებებით შესაძლებელია დადგინდეს მოსწავლის გაცდენის მიზეზები“ - ხოფურის საჯარო სკოლის დირექტორი, ნონა გაზდელიანი
რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება, რას ფიქრობს ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც სკოლა ვალდებულია მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს, თუ ის 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ გამოცხადდება - ამ და სხვა საკითხებზე Etaloni.ge ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოფურის საჯარო სკოლის დირექტორის, ნონა გაზდელიანის მოსაზრებებს გთავაზობთ:- თქვენი აზრით, რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება?- სკოლა არის ორგანიზაცია, რომელიც ძალიან ბევრს მუშაობს მოსწავლეებზე ზრუნვის მიმართულებით. მიუხედავად ამისა,ძალიან კარგი და სასარგებლო იქნება, თუკი სოციალური მუშაკი სხვადასხვა დონეზე დაინახავს და შეაფასებს ბავშვის საჭიროებას. მისი როლი სწორად ამას მოიაზრებს.
- რას ფიქრობთ ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც სკოლა ვალდებულია მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს, თუ ის 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ გამოცხადდება სკოლაში ან არ მონაწილეობს დისტანციურ სწავლებაში და არ იღებს შეფასებას? თქვენი აზრით,რას შეცვლის ეს სასკოლო ცხოვრებაში?- როცა მოსწავლე 90 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ ცხადდება სკოლაში, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს უამრავი მიზეზით, რომელთა აღრიცხვის ერთიანი მექანიზმი სკოლებში არ არსებობს. მივესალმები იმ ფაქტს, რომ ახალი დოკუმენტი საშუალებას იძლევა დადგინდეს გაცდენის მიზეზი და დროულად გატარდეს ღონისძიებები მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩასართავად.
- თქვენი აზრით, როგორ უნდა დაძლიონ განათლების სისტემამ და სკოლებმა აკადემიური ჩამორჩენა, რომელიც გააჩინა ონლაინსწავლებამ და მასში მოსწავლეთა არათანაბარმა ჩართულობამ?- მოსწავლის მოტივაციის ზრდა მნიშვნელოვანი პედაგოგიური ამოცანაა. მოტივაცია იზრდება, როდესაც მოსწავლე ხედავს, რომ მასწავლებლის პრიორიტეტი მისი წინსვლის ხელშეწყობაა და, პირიქით, იკლებს, როდესაც მიაჩნია, რომ მასწავლებლის პრიორიტეტი მისი შედეგის განსჯა-შეფასებაა.
ონლაინ სწავლებამ, რა თქმა უნდა, გაზარდა აკადემიური ჩამორჩენა. ჩვეულებრივ, საკლასო/საგაკვეთილო პროცესი მოიცავს ჯგუფურ მუშაობასა და პროექტებში მონაწილეობას. მოსწავლეები ერთმანეთს ეხმარებიან სხვადასხვა აქტივობის უკეთ გაგებაში, რაც თავისთავად გულისხმობს გაკვეთილის პროცესში მათ მონაწილეობას, დისტანციური მუშაობის დროს კი ეს აქტივობები გვერდზე რჩება. გარდა ამისა, ონლაინ სასწავლო პროცესში მოსწავლეთა დაბალი ჩართულობა, უმეტეს შემთხვევაში, განპირობებულია დისტანციური სწავლებისთვის სათანადო პირობების არქონით.