„სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკის ინტეგრირება გაამარტივებს დაგროვილი სირთულეების დაძლევას“ - თბილისის N94 სკოლის დირექტორი ნინო გახარია
22-04-2021
რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება და როგორ უნდა დაძლიონ განათლების სისტემამ და სკოლებმა მოსწავლეთა აკადემიური ჩამორჩენა - ამ და საკითხებზე etaloni.ge თბილისის N94 საჯარო სკოლის დირექტორის, ნინო გახარიას მოსაზრებებს გთავაზობთ:

- თქვენი აზრით, რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება?

- განათლების სისტემას სოციალური მუშაკის გამოცდილება არ ჰქონია, თუმცა სოციალური მომსახურების კუთხით განათლების სამინისტროში ბოლო რამდენიმე წელია არსებობს სერვისი და გამოცდილება მანდატურის ფსიქო-სოციალური სამსახურის სახით, რომელსაც საკმაოდ დიდი მიმართვიანობა აქვს. მიუხედავად ამისა, ეს არ არის საკმარისი  რიგი პრობლემების აღმოსაფხვრელად.

სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება და მოსწავლის სტატუსის შენარჩუნების წესში ცვლილების შეტანა, ვფიქრობ, შეცვლის მშობელთა გარკვეული ნაწილის დამოკიდებულებას განათლების მიღების უფლების მიღმა მოსწავლეთა დატოვების მიმართულებით. ფაქტია, რომ სტატუსის შენარჩუნების წესში შესული კონკრეტული ცვლილებები, რომლებიც ეხება მოსწავლის არ გამოცხადებიდან მე-10 ,  მე-20  დღეების შემდეგ გასატარებელ პროცედურებსა და ამ პროცედურებში სოციალური მუშაკის ჩართვას, მაქსიმალურად შეამცირებს მოსწავლეთა უმიზეზოდ არ გამოცხადების შემთხევებს სკოლაში. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ხშირი და სისტემატური  გაცდენების შემთხვევაში მიზეზების მოკვლევა და  მშობელთა შეტყობინებების პრაქტიკა ჩვენს სკოლაში საკმაოდ კარგად დანერგილი გამოცდილება იყო და, რა თქმა უნდა, სოციალური მუშაკის ჩართვა კიდევ მეტად გაგვიადვილებს ამ პროცესში დაგროვილი სირთულეების დაძლევას.

არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ სოციალური მუშაკის საქმეში ჩართვის ფაქტორი უფრო მეტად დადებითად იმოქმედებს სამიზნე ჯგუფებზე, ვიდრე სკოლის ხელმძღვანელობის ან დამრიგებლის სიტყვიერი/ წერილობითი შეტყობინება თუ გაცდენების აღმოფხვრის მიზნით გაცემული გაფრთხილების წერილი. მინდა მადლობა გადავუხადო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ამ სერვისის ამოქმედებისთვის. მით უფრო დროულია ეს ინიციატივა დღეს, მაშინ, როცა ონლაინ სწავლებამ და პანდემიამ ბევრი პრობლემა გააჩინა: აკადემიური ჩამორჩენა, არგამოცხადება, დისტანციურ გაკვეთილებზე არ ჩართვა და ასე შემდეგ. ცხადია, რომ ამ პრობლემებს ქვეყანაში არსებული ბევრი ფაქტორი განაპირობებს.

- თქვენი აზრით როგორ უნდა დაძლიონ განათლების სისტემამ და სკოლებმა აკადემიური ჩამორჩენა, რომელიც გააჩინა ონლაინსწავლებამ და მასში მოსწავლეთა არათანაბარმა ჩართულობამ?

- აქ სამინისტრო რამე ერთიან ინსტიტუტს ვერ შემოგვთავაზებს, ვინაიდან ყველა სკოლას აქვს თავისი ინდივიდუალური საჭიროებები და პრობლემები, გამომდინარე სკოლის კულტურიდან, სტრატეგიული მდებარეობიდან და სოციუმიდან. ამიტომ სკოლამ თავად უნდა შეიმუშაოს მშობლების, მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სოციალური მუშაკის მაქსიმალური ჩართულობით, ერთიანი სამოქმედო გეგმა. პირველ რიგში, უნდა მოხდეს იდენტიფიცირება ასეთი მოსწავლეების, შემდეგ საჭიროა უშუალო კომუნიკაცია მათ მშობლებთან, მათი საჭიროებების დადგენა კონკრეტული საგნებისა და მიმართულბების მიხედვით, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა და დახმარების გაწევა მოსწავლეებისთვის დამატებითი მეცადინეობების ჩატარებით, როგორც ფოკუს ჯგუფებში, ასევე ინდივიდუალურად. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ კუთხით მუშაობა და ვეცდებით , შეძლებისდაგვარად  დავეხმაროთ მოსწავლეებს აკადემიური  ჩამორჩენის დაძლევაში.

ვფიქრობთ, ჩვენ მიერ ერთობლივად და სწორად გადადგმული ნაბიჯები შეგვაძლებინებს ამ გამოწვევბისა და სირთულეების გადალახვას.“
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203