- თქვენი აზრით, რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება?
- სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ჩართვა ხელს შეუწყობს მშობელთა გააქტიურებას შვილის აღზრდის საკითხებში. დაეხმარება სკოლის არაკეთილსაიმედო ოჯახების გამოვლენასა და მათზე ზემოქმედებაში. პირადად მე, მხარს ვუჭერ სოციალური მუშაკების ჩართვას.
- რას ფიქრობთ სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და რამდენად მზად არის თქვენი სკოლა შექმნას სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობები?
- სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობა სასიხარულო ფაქტია. ეს ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, გაიზრდება სკოლის უსაფრთხოების ხარისხი და სხვა. სკოლაში არის ფართო „სივრცე“ სამედიცინო მომსახურებისთვის. მოწყობაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რადგან ჩვენი სკოლა „ღარიბია“.
- რას ფიქრობთ ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც სკოლა ვალდებულია მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს, თუ ის 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ გამოცხადდება სკოლაში ან არ მონაწილეობს დისტანციურ სწავლებაში და არ იღებს შეფასებას ? თქვენი აზრით რას შეცვლის ეს სასკოლო ცხოვრებაში?
- რაც შეეხება 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არგამოცხადების შემთხვევაში (დისტანციური სწავლება) მიდგომა უნდა იყოს ინდივიდუალური. ბევრს ტექნიკური შესაძლებლობა არ აქვს (საპატიო გაცდენა). ეს ყველაფერი სასკოლო ცხოვრებისათვის კარგია, რადგან მშობელი იძულებული იქნება შვილს მეტი ყურადღება დაუთმოს, აკონტროლოს მისი აქტიურობა განათლების კუთხით, მეტი დრო დაუთმოს მათი პრობლემების მოგვარებას და სხვა.
- თქვენი აზრით, როგორ უნდა დაძლიონ განათლების სისტემამ და სკოლებმა აკადემიური ჩამორჩენა, რომელიც გააჩინა ონლაინსწავლებამ და მასში მოსწავლეთა არათანაბარმა ჩართულობამ ?
- განათლების სისტემამ და სკოლებმა აკადემიური ჩამორჩენა რომ დაძლიონ საჭირო იქნება საფეხურის ბოლო წელს (VI, IX) გამოცდების დანიშვნა. ლიბერალიზმმა განათლების სფეროში ცუდი შედეგი მოგვიტანა უმაღლესში სწავლის უფლება მხოლოდ მას უნდა მიეცეს ვისაც III საფეხური (საშუალო სკოლა) 8 ქულაზე მაინც აქვს დამთავრებული.
- ცნობილია, რომ მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი ძალაში წელს შევა, რომელშიც მასწავლებელთა სახლის მიხედვით, გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა დირექტორის, მასწავლებლის და ექსპერტის აზრი. თქვენ რა ხარვეზს ხედავდით წინა სქემებში და რა მოსაზრებ(ებ)ის ასახვას ისურვებდით ახალში?
- წინა სქემაში ყურადღება არ ექცეოდა ისეთ საკითხებს როგორიცაა: მასწავლებლის პასუხისმგებლობა, მისი ქმედება სკოლაში, შედეგების იგნორირება და სხვა. ახალ სქემაში ვისურვებდი მასწავლებელთა ანაზღაურება მოხდეს საათების მიხედვით; ყურადღება მიექცეს გამოცდილებას, ფაქტია, რომ დღეს წამყვან მასწავლებელთა ნაწილი სკოლიდან გასაშვები იყო, კოჭლი „ცხვრის პრინციპი“ უნდა მოისპოს.