როგორ დაწეროთ მაღალქულიანი ესე უცხოურ ენაში? - რჩევები და ხშირად დაშვებული შეცდომები
22-04-2021
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხს სთავაზობს. როგორ უნდა მიიღონ უცხოური ენის გამოცდაში მაღალი ქულა, რა უნდა გაითვალისწინონ ესეს დაწერისას, და რამდენად კარგად მუშაობს დაზეპირებული ფრაზები და გამონათქვამები, რომლებსაც აბიტურიენტების ესეს წერისას ხშირად იყენებენ.

გაეცანით თქვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხს:

1. რომელია უცხოურ ენაში ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები?


- ზოგჯერ აბიტურიენტები იყენებენ დაზეპირებულ ფრაზებს, რომლებიც ყველა ტექსტს შესაძლოა მოერგოს. როგორც წესი, ასეთი ფრაზები ადეკვატურად არ პასუხობს კონკრეტულ დავალებას. აქედან გამომდინარე, არ ფასდება ხოლმე ნაშრომი მაღალი ქულით.
 
2. წელს თუ იქნება რაიმე სახის ცვლილება უცხო ენის გამოცდაზე? ასევე რამდენ სიტყვიანი სჯობს რომ იყოს ესე და რას გვირჩევთ იმისათვის, რომ ამ დავალებაში მაღალი ქულა მივიღოთ?

- უცხოური ენის ტესტში სიახლეები გასულ წელს შევიდა, შესაბამისად, წელს ამის საჭიროება არ ყოფილა, რადგან ტესტი სტრუქტურულად საკმაოდ დაბალანსებულია. უცხოური ენის ტესტი მოსმენის ორი დავალებით იწყება, რომელიც შედგება 5 მოკლე და ერთი შედარებით ვრცელი ტექსტისაგან. დავალებების მოსმენა ხდება ორჯერ. ჩვენი რეკომენდაციაა: თუ შეკითხვაზე გაგიჭირდათ პასუხის გაცემა პირველი მოსმენით, გადადით მომდევნო კითხვაზე და მეორე მოსმენისას გაეცით მას პასუხი.  იხელმძღვანელეთ კრებულებით, რომლებშიც კარგად ჩანს, თუ როგორ უნდა შეასრულოთ დავალებები. აბიტურიენტებმა ასევე აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ არ დაწერონ პასუხების ფურცელზე სახელი და გვარი, ან რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშანი - ამ შემთხვევაში დავალება არ გასწორდება. 
 
ესეში სიტყვების რეკომენდებული რაოდენობაა 120 - 150. შეგიძლიათ ამაზე ცოტა მეტიც დაწეროთ, მთავარია, არ გადასცდეთ ამ დავალებისათვის გამოყოფილ სივრცეს, რადგან შესაძლოა დასკანერების დროს თქვენი ნაწერი მოიჭრას. შინაარსის მხრივ ყურადღება ექცევა იმას, თუ რამდენად ზუსტად და პირდაპირ პასუხობთ მოცემულ დავალებას. არ არის საჭირო ზოგადი დაზეპირებული ფრაზების ხშირად გამოყენება. მთავარია, პირადი აზრი გასაგებად და არგუმენტირებულად გადმოსცეთ.
 
3. რაზე გვირჩევდით ყურადღების გამახვილებას მეექვსე დავალებაში (Task 6) ?

- ამ დავალებაში ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღება გაამახვილოთ კონტექსტზე, ასევე იმაზე, რომ ჩასასმელი სიტყვა სწორად დაწეროთ. მართლწერის შეცდომის შემთხვევაში, პასუხი არ შეფასდება.  
 
4. რამდენად ექცევა ყურადღება ლექსიკის მარაგს, რთული წინადადებების გამოყენების გამო შესაძლებელია უფრო მაღალი შეფასების მიღება? 

- დიახ, თუ მაღალი ქულის მიღება გსურთ, სასურველია მაქსიმალურად ხშირად გამოიყენოთ რთული თანწყობილი და რთული ქვეწყობილი წინადადებები და შესაბამისი მაკავშირებელი სიტყვები. აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია, არ დაწეროთ დაზეპირებული, შაბლონური ფრაზები. ნაწერში უნდა ჩანდეს ის, თუ რამდენად შეუძლია აბიტურიენტს აზროვნება შესაბამის ენაზე და ასევე, მისი პირადი დამოკიდებულებები ამა თუ იმ საკითხის მიმართ.
 
5. კონტრარგუმენტები თუ დაგვჭირდება ინგლისური ენის თემაში? 

- კონტრარგუმენტების გამოყენება არ მოგეთხოვებათ და ამიტომ აუცილებლობა არ არის - ორი ლოგიკური არგუმენტის მოყვანაც საკმარისი იქნება. 
 
6. უცხოური ენის მოსმენის დავალებასთან დაკავშირებით აბიტურიენტები ზოგჯერ პრეტენზიას გამოთქვამენ, რომ ჩანაწერი კარგად არ ისმის. რამდენად შესაძლებელია, რომ ეს პრობლემა წლევანდელ აბიტურიენტებსაც გვქონდეს?  

- მოსმენის დავალების ჩასაწერად ცენტრი იწვევს ინგლისურენოვან სპეციალისტებს. ხმის ჩაწერა ხდება სპეციალური აპარატურით მაღალ დონეზე და ჩანაწერი, როგორც წესი, არის ძალიან ხარისხიანი. ამაში შეგიძლიათ დარწმუნდეთ, თუ ჩვენს გვერდზე გამოქვეყნებულ მოსმენის დავალებების ჩანაწერებს მოუსმენთ. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე აბიტურიენტმა ჩათვალა, რომ მოსმენის დავალების გამო პრობლემა შეექმნა (ნებისმიერი მიზეზით), დაუყოვნებლივ, ტესტის დაწყებისთანავე უნდა აცნობოს ამის თაობაზე მეთვალყურეს, თუმცა ამ ტიპის პრეტენზიები, შეგვიძლია გითხრათ, რომ ძალიან მცირეა. აბიტურიენტს საშუალება აქვს ერთი და იგივე ტექსტი ორჯერ მოისმინოს. 
 
7. ესეში საჭიროა თუ არა ციტატის მოყვანა?

- ციტატის მოყვანა შეგიძლიათ, თუმცა არ არის აუცილებელი. თუ საკუთარი ინტერპრეტაციით ციტატას მაინც დაწერთ, ქულა არ დაგაკლდებათ, მაგრამ ეს ციტატა თემასთან პირდაპირ კავშირში უნდა იყოს და არა ზოგადი და განყენებული.
 
8. ინგლისურის ესეს წერის დროს რაზე გვირჩევთ ყურადღების გამახვილებას და თუ შეგვიძლია ვნახოთ სადმე ესეს ნიმუში?

-  ესეს ნიმუშები და შეფასების კრიტერიუმები მოცემულია კრებულში. აქვეა განმარტებული, თუ როგორ ფასდება თითოეული ესე. დეტალები იხილეთ ბმულზე: https://naec.ge/#/ge/post/1170
 
9. ინგლისური ენის ტესტში ლაპარაკის ნაწილის დამატება იგეგმება?

- ლაპარაკის ნაწილის დამატება უცხოური ენის ტესტში ამ ეტაპზე დაგეგმილი არ არის.
 
10. ინგლისურ ენაში მეორე მოსმენის დავალება რის ხარჯზე დაემატა?

- სწორია/არასწორია დავალება ტესტიდან ამოვიღეთ 2020 წელს, რის ნაცვლადაც დაემატა მოსმენის მეორე დავალება, რამაც უცხოური ენების ტესტი უფრო მეტად დააბალანსებული გახადა. ახლა ტესტი შედგება სამი მეტნაკლებად თანაბარი წონის ნაწილისაგან. ესენია: მოსმენა, კითხვა და წერა.
 
11. უცხოური ენის გამოცდაში მოსმენისა და წერის დავალებები თანაბარი სირთულისაა?

- დიახ, თანაბარი სირთულისაა ენის თვალსაზრისით, თუმცა წერის დავალებები უფრო რთული შესასრულებელია, ვიდრე მოსმენის, რადგან მოსმენის დავალების დროს სწორ პასუხს მონიშნავთ და არაფერს წერთ, ხოლო წერითი დავალებისას თავად უნდა დაწეროთ დავალებები. ტესტის სირთულის დონე ზოგადად შეესატყვისება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს და საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით არის B1.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203