„მნიშვნელოვანი ინიციატივაა ყველა სკოლაში სამედიცინო კაბინეტის მოწყობა“ - ახალსოფლის N1 საჯარო სკოლის დირექტორი მზია კორაშვილი
23-04-2021

საჯარო სკოლებმა, რომლებსაც 1000-ზე მეტი მოსწავლე ჰყავთ, სამედიცინო კაბინეტი 2021 წლის 15 სექტემბრამდე უნდა მოაწყონ, სხვა სკოლებს კი ვადა 2022 წლის 15 სექტემბრამდე აქვთ. თუმცა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის N1 საჯარო სკოლა იმ სკოლების რიცხვშია, სადაც სამედიცინო კაბინეტი წლებია ფუნქციონირებს და ექიმიც ჰყავს. სწორედ საკუთარი სკოლის გამოცდილება გაგვიზიარა დირექტორმა მზია კორაშვილმა და სკოლაში ექიმის კაბინეტის არსებობის უპირატებობაზე გვესაუბრა: 

- ჩვენ სკოლაში 2015 წლიდან ფუნქციონირებს ექიმის კაბინეტი, რომელიც აღჭურვილია საჭირო ინვენტარით და მედიკამენტებით, გვყავს კვალიფიციური ექიმი. სკოლის ექიმის მოვალეობაა მოსწავლეებისათვის და სკოლაში დასაქმებულ პირთათვის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, მოსწავლეებში ჯანმრთელობის საფრთხის დადგომის შემთხვევაში დროული და ეფექტური რეაგირება, ინფექციური/ვირუსული დაავადებების პრევენცია, სკოლის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე ზრუნვა. მოსწავლეებისა და სკოლაში დასაქმებულებისთვის დროული პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა (სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ადგილზე მისვლამდე).

აგრეთვე, ის გეგმავს და განახორციელებს ჯანმრთელობის ხელშემწყობ აქტივობებს, ხელს უწყობს ქრონიკული დაავადებებისა და სასკოლო ტრავმატიზმების პრევენციას, მოსწავლეებს აწვდის ინფორმაციას იმუნიზაციისა და ინფექციური დაავადებების შესახებ. ამჟამად ბავშვების მთავარი პრობლემა ის არის, რომ ძალიან ცოტას აქტიურობენ ფიზიკურად და გადატვირთული რეჟიმის გამო ხშირად ვერ ახერხებენ ბალანსირებულ კვებას. ექიმის მიერ დაგეგმილი აქტივობები მნიშვნელოვანია მოსწავლეების ჯანმრთელ, ზრდასრულ პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის. 

ვფიქრობ, დროული და მნიშვნელოვანი ინიციატივაა ყველა სკოლაში სამედიცინო კაბინეტის მოწყობა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203