„ეტალონის“ უპრეცედენტო LIVE პროექტები გრძელდება და სულ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს. „აბიტურიენტთა თანავარსკვლავედი“ „ეტალონი დირექტორები 2021“-მა ჩაანაცვლა - წარმატებული ხელმძღვანელი ხომ სკოლის წარმატების საწინდარია და ONLINE-გადაცემაც სწორედ ამ მთავარ მიზანს ემსახურება.
25 აპრილს „ეტალონმა“ ათეულობით თანამოაზრე დირექტორი გააერთიანა რეგიონებიდან, ერთმანეთთან შეხვედრის ბედნიერება აჩუქა, შემეცნებით ONLINE-თამაშშიც ჩართო და კიდევ ერთხელ გააგებინა მსოფლიოს, რომ განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სამსახურში დგომა დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა.
„ეტალონის“ თანამოაზრე სკოლის დირექტორები ონლაინ სახალისო თამაშში დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ და სიმბოლური ლიდერებიც გამოვლინდნენ; იყო ემოციების ზღვა და ერთად ყოფნის ბედნიერება, რომელსაც ვერც ერთი მონაწილე ვერ მალავდა.
„ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელი და უცვლელი წამყვანი, გოჩა ტყეშელაშვილი საზოგადოებას ასე მიესალმა:
„მივესალმები მთელ საქართველოს, ჩვენს ძვირფას ემიგრანტებს. ძალიან მიხარია, რომ დიდი ყურებადობა აქვს ჩვენს გადაცემებს საქართველოს საზღვრებს მიღმა. „საქართველოს ეტალონი დირექტორები - 2021“-ის შექმნა ჩვენს ქვეყანაში არსებულმა ვითარებამ განაპირობა და აქვე შეუძლებელია, არ აღვნიშნო - ვამაყობ ჩვენი ნიჭით, ჩვენი გენით.
ჩვენს, ცოტა შეჭირვებულ საქართველოში, განათლებას პოპულარიზაცია და ასევე - პოზიტივის შემოტანა სჭირდება, ამიტომაც შეიქმნა „საქართველოს ეტალონი დირექტორები - 2021“ და მასში მონაწილეობას მიიღებენ „ეტალონის“ თანამოაზრეები.
იღბალიც გვქონია, იმიტომ, რომ გადაცემა ბზობას დაემთხვა და მიზანი გახლავთ, განათლების პოპულარიზაცია, პოზიტივის შემოტანა. მიმაჩნია, რომ თითოეული თქვენგანი უკვე გამარჯვებულია“, - აღნიშნა გოჩა ტყეშელაშვილმა და საზოგადოებას თავისი წიგნი - „პირველკლასელთა აკადემია“ წარუდგინა, რომელზეც, როგორც გაირკვა, ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა და რომელიც საუკეთესო რესურსია ბავშვის სასკოლოდ მოსამზადებლად.
გადაცემის თანაწამყვანები გახლდნენ ნინო გახარია - თბილისის N94 საჯარო სკოლის დირექტორი და ელენე ფუტკარაძე - თბილისის N167 საჯარო სკოლის დირექტორი, რომლებმაც პროექტის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილეს ყურადღება.
ელენე ფუტკარაძე, თბილისის N167 საჯარო სკოლის დირექტორი:
- შეუძლებელია არ აღვნიშნო, რომ ჩვენი სკოლა აქტიურადაა ჩართული „ეტალონის“ პროექტებში, მიმაჩნია, რომ არაფორმალური განათლება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ავითარებს მსოფლმხედველობას, თვალსაწიერს, აჩვევს ანალიტიკურ აზროვნებას... ახლა კი, პანდემიის პერიოდში, სკოლა უდიდეს ფუნქციას ასრულებს. თითოეულ დირექტორს ვუდასტურებ ჩემს პატივისცემას და მიმაჩნია, რომ მასწავლებლები დიდ საქმეს ემსახურებიან - ისინი არიან ჯარისკაცები, ენთუზიაზმით მომართულები და თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებულები - რაც არაერთხელ დაადასტურეს და თითოეულ მათგანს, ყველა ჩემს კოლეგას ვუხდი მადლობას... ასევე მადლობას ვუხდი „ეტალონს“, მის შემოქმედებით გუნდს, ასეთი მრავალფეროვნება რომ შემოგაქვთ, მადლობა მშობლებს - არაფორმალური განათლების საჭიროებას რომ ხედავენ და მადლობა პედაგოგიურ საზოგადოებას, რომელმაც ღირსეულად გაართვა თავი გამოწვევებს. დირექტორებს გენერლის პასუხისმგებლობა გვაქვს, თორემ ჩვენც, თქვენთან ერთად, რიგითი ჯარისკაცები ვართ ამ დიდ საქმეში.
ნინო გახარია, თბილისის N94 საჯარო სკოლის დირექტორი:
- წარმატებას ვუსურვებ თითოეულ მონაწილეს, ჩემს კოლეგებს... ზოგადად, სკოლის დირექტორებზე ბევრი რამაა დამოკიდებული - მენეჯმენტზე, კოორდინირებულ მუშაობაზე, რამდენად სწორად წარმართავს სკოლას... ეს განსაზღვრავს მოსწავლის განათლების ხარისხს და მასწავლებლის წარმატებას განათლების სისტემაში.
იყო სიურპრიზიც - სოფო ბედიამ საქართველოს სიმღერა მიუძღვნა და სანამ რჩეული დირექტორები ტესტს გაივლიდნენ, გოჩა ტყეშელაშვილმა, შვილიშვილებთან - ალექსანდრესა და დავითთან ერთად, „სიკვდილის ყველა კარი დარაზა“ და ლადო ასათიანის „საქართველოში“ წაიკითხა. ამასობაში ლიდერთა შორის ლიდერებიც გამოვლინდნენ და კონკურსის დასასრულს Etaloni.ge-ს საკუთარი შთაბეჭდილებებიც გაუზიარეს.
დონალდ ძაგანია, მარტვილის მუნიციპალიტეტის, ბანძის საჯარო სკოლის დირექტორი:
- სიმართლე გითხრათ, როდესც პირველად შევიტყვე პროექტის შესახებ, ცოტა გამიკვირდა და ვერ წარმოვიდგინე, როგორ განვითარდებოდა მოვლენები; ამიტომ ინტერესის გამო ჩავერთე და შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. სხვას არც ველოდი - ასეთი ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი, როგორიც ბატონი გოჩაა, მეორე არ მეგულება. იგი სტიმულს გვაძლევს ჩვენ, დირექტორებს, უკეთ ვაკეთოთ საქმე და დარწმუნებული ვარ, სამომავლოდაც ბევრ საინტერესო პროექტს შემოგვთავაზებს. რაც ბატონ გოჩას ვიცნობ, მუდმივად იპყრობს მწვერვალებს. ახლაც, სხვადასხვა სკოლის დირექტორები კიდევ ერთხელ გაგვააქტიურა, ერთმანეთს დაგვაახლოვა და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებაც მოგვცა. მიმაჩნია, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელია ასეთი პროექტები საქართველოში და ბატონ გოჩას ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი.
მთვარისა ახვლედიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის, ბარდნლის საჯარო სკოლის დირექტორი:
ახლა, როდესაც პანდემიის გამო ჩაკეტილები ვართ, ერთმანეთთან ურთიერთობას დანატრებულნი, მსგავსი პროექტი სტიმულის მომცემია. მე „ეტალონის“ თანამოაზრე ვარ და ბატონი გოჩაც, თავისი მედიაპროექტებით, მუდმივად ზრუნავს ჩვენს მოტივაციაზე. Izrune.ge-ც ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას, მშობელს კი საშუალებას აძლევს, ნახოს, რა შესაძლებლობები აქვს ბავშვს; „ეტალონ დირექტორებს“ რაც შეეხება, სიმართლე გითხრათ, მეგონა, სამეულში ვერ მოვხვდები, მაგრამ კმაყოფილი ვარ საკუთარი შედეგით. კითხვებიც საინტერესო და სახალისო იყო და პროექტს დიდ წარმატებას ვუსურვებ.
თამაზ ცუცქირიძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის, სვერის საჯარო სკოლის დირექტორი:
„ეტალონისა“ და ბატონი გოჩას ახალი წამოწყება, რომელიც დირექტორების ჩართულობას განაპირობებს, ძალიან მომეწონა, კითხვებიც მშვენივრად იყო შერჩეული და საკუთარი შედეგითაც კმაყოფილი ვარ. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის - მადლობა „ეტალონს“, გუნდის თითოეულ წევრს ასეთი საინტერესო პროექტების შექმნისა და რეალიზებისთვის.