საჯარო და კერძო სკოლებს ვალდებულებები განათლების მინისტრის ბრძანებით დაეკისრათ - კანონი ძალაშია
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, სკოლებში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესში ცვლილებები შევიდა. მინისტრის ბრძანების საფუძველზე საჯარო და კერძო სკოლებს გარკვეული ვალდებულებები დაეკისრათ, რომელსაც
etaloni.ge დეტალურად გთავაზობთ:
საჯარო სკოლა ვალდებულია: სექტორების, ცვლებისა და სასწავლო შენობების შესაბამისად, პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა (მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა) რიცხოვნობის შესახებ მონაცემები ასახოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში განსაზღვრული ვადის ფარგლებში;
პირველ კლასში ჩარიცხული მოსწავლის/მოსწავლეების შესახებ ინფორმაცია და ამ მოსწავლის/მოსწავლეების პირველ კლასში ჩარიცხვის შესახებ შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ასახოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შესაბამისი სასწავლო წლის დაწყებამდე.
კერძო სკოლა ვალდებულია, პირველ კლასში ჩარიცხული მოსწავლის/მოსწავლეების ჩარიცხვის შესახებ გამოცემული შესაბამისი აქტი/აქტები ასახოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში სასწავლო წლის დაწყებამდე;
რესურსცენტრისა და ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროს თანხმობის საფუძველზე, კერძო სკოლა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვის თაობაზე. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტორიზაციის საბჭოს მიერ განსაზღვრული მოსწავლეთა ზღვრული რაოდენობის ფარგლებში, ხოლო ჩარიცხული მოსწავლის შესახებ მონაცემები და ჩარიცხვის შესახებ აქტი ასახოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში;
სკოლა ვალდებულია, აქტის გამოცემიდან ორი სამუშაო დღის ვადაში, ჩარიცხული მოსწავლის შესახებ მონაცემები და ამ მოსწავლის/მოსწავლეების ჩარიცხვის თაობაზე შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი/აქტები ასახოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში;
ამასთან, მოსწავლის სტატუსის აღდგენის შესახებ ინფორმაცია სკოლამ უნდა ასახოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან ორი სამუშაო დღის ვადაში.