მაგატა ჯაფარიძე - მესტიის N1 საჯარო სკოლის მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლე
07-12-2017
ჩუმი, თავმდაბალი, უჭკვიანესი - ასე ახასიათებენ მესტიის N1 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეს, მაგატა ჯაფარიძეს. სკოლის წარმომადგენელთა თქმით, ეს შესანიშნავი გოგონა, რომელიც მრავალმხრივი ნიჭითაა დაჯილდოებული, მესტიის N1 საჯარო სკოლის სახეს წარმოადგენს.

„მაგატა არაჩვეულებრივი მხატვარია. მას გამორჩეული ხედვა აქვს. პიროვნული თვისებებითაც განსაკუთრებული გოგოა - თავმდაბალი, მოსიყვარულე, უნიჭიერესი. გარდა იმისა, რომ ბრწყინვალედ ხატავს, შესანიშნავი მოთხილამურეცაა. მრავალმხრივად ნიჭიერია ჩვენი მაგატა“, - აღნიშნავენ მესტიის N1 საჯარო სკოლის წარმომადგენლები. 

„დამიხატე მე მშვიდობა“ - ეს საერთაშორისო ხატვის კონკურსია, რომელშიც მაგატამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის „Club of Chance“ მიერ ორგანიზებულ კონკურსში 16 ქვეყნის 300 მოსწავლე მონაწილეობდა. გამარჯვებულები სამ ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდნენ, მათ შორის იყო მაგატა ჯაფარიძე. მისმა ნამუშევარმა დიდი მოწონება დაიმსახურა. 

გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი პარიზის სენატში გაიმართა. მაგატას დიპლომები და ფასიანი საჩუქარი გადაეცა, მესტიის N1 საჯარო სკოლის პედკოლექტივს კი შესანიშნავი მოსწავლის აღზრდისთვის - მადლობის სიგელი.

პარიზში დაიბეჭდა ჟურნალი სახელწოდებით „International Children's Drawing Competition "Draw me Peace: 2016“, რომელშიც შესულია მაგატას საინტერესო ნამუშევარი. 

სკოლის წარმომადგენლები მაგატას წარმატებებს უსურვებენ სწავლასა და შემოქმედებით საქმიანობაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203