„ფაიზერით“ 12-ის ზემოთ ასაკის ბავშვები აიცრებიან - გადაწყვეტილება კლინიკურ ცდებზე დაყრდნობით კანადამ მიიღო
06-05-2021
„ფაიზერის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 12-დან 15 წლამდე ბავშვებში გამოყენების ნებართვა კანადამ გასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
კანადის ჯანდაცვის სამინისტრომ გადაწყვეტილება ამ ასაკობრივ ჯგუფზე ვაქცინის კლინიკური ცდების მესამე ფაზის შედეგებზე დაყრდნობით მიიღო.
„უწყებამ დაადგინა, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია ამ ახალგაზრდა ჯგუფებში გამოყენებისთვის. შესაბამისად, 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია ორშაბათიდან დაიწყება,“- განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა.
კანადა პირველი ქვეყანაა, რომელმაც ვაქცინის 12-დან 15 წლამდე ბავშვებში გამოყენების უფლება გასცა.
მიმდინარე წლის მარტში „ფაიზერმა“ განაცხადა, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში ჩატარებული კლინიკური ცდების პირველადი შედეგების თანახმად, ვაქცინა 100%-ით ეფექტურია და ძლიერ იმუნურ პასუხს იწვევს.